ფარული კადრები

ნანუაშვილი: არ არის ცნობილი მსგავს საქმეებზე დაწყებული გამოძიების შედეგები

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, "საგანგაშოა პირადი ცხოვრების უფლების ისეთი მაღალი ინტენსივობის დარღვევა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი". უჩა ნანუაშვილი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

"როგორც მედიით გახდა ცნობილი, 2016 წლის 11 მარტს ინტერნეტში საჯაროდ გავრცელდა ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საგანგაშოა პირადი ცხოვრების უფლების ისეთი მაღალი ინტენსივობის დარღვევა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი. შემაშფოთებელია ისიც, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი არაერთ მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პროკურატურა უსწრაფესად გამოიძიებს აღნიშნულ დანაშაულს, ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდება და სათანადო სიმკაცრით დაისჯება.

ყველასათვის ცხადი უნდა გახდეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, მისი ჩამდენი პირები კი დაუსჯელნი არ დარჩებიან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ასეთი ტიპის დანაშაულების გამეორებას მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედია განსაკუთრებული სიფრთხილითა და პირადი ცხოვრების პატივისცემით მიუდგეს აღნიშნული დანაშაულის გაშუქებას და უფრო მეტი მასშტაბი არ შესძინონ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

პროკურატურამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები