პირადი კადრები

უსუფაშვილი: დააწესეთ 1 მლნ ლარი მათთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "შეშფოთება, აღშფოთება და გამოძიების დაწყება აღარ არის ადეკვატური რეაგირება ისეთი გადაგვარებული ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შექმნა, ვინც დაამონტაჟა, ვისაც დასაწყობებული აქვს და ვინც საზოგადოებას მიზანმიმართულად წამლავს ამგვარი მასალების გამოქვეყნებით". დავით უსუფაშვილი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებას ეხმაურება.

"მივმართავ პროკურატურის, პოლიციის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებს, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით და გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ ვუმკლავდებით ამ საშინელ პრობლემას. ამიტომ, გთავაზობთ, მიმართოთ საგანგებო ზომებს და ამგვარი შემთხვევები განიხილოთ, როგორც მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის აქტები. შესაბამისად, დანაშაულსაც ვებრძოლოთ ისე, როგორც ებრძვიან ტერორიზმს:

ა) ტექნიკური დახმარებისთვის მიმართეთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ქსელებს. შეუძლებელია ჩვენს შემთხვევაში საქმე გვქონდეს იმ დონის ინტერნეტ-კონსპირატორებთან, რომ აღნიშნულმა სპეციალისტებმა ვერ დაადგინონ მასალების წარმოშობის და გავრცელების ადგილი და სხვა დეტალები.

ბ) დააწესეთ მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს" - აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი მზად არის, წვლილი შეიტანოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში.

პროკურატურამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

პროკურატურამ ტაბულას განუცხადა, რომ საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები