მღვდელმონაზონ მოსეს საქმე

მღვდელი: რეანიმაციაში ვიჭრებოდით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეს ვუქმნიდით

გურიის ეპარქიის მღვდელმონაზონი მოსე ახრახაძე facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილობით აღსარებასა და youtube-ზე ატვირთულ ვიდეორგოლში ყვება, რომ ის და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი, თბილისისა და რეგიონების ბავშვთა საავადმყოფოების რეანიმაციებში იჭრებოდა, "ექიმების გულისწყრობის" მიუხედავად ინკუბატორებს ხსნიდა, ბავშვებს აშიშვლებდა და მშობლების ნებართვის გარეშე ნათლავდა.

მისივე განმარტებით, ამას მათი სულების გადასარჩენად აკეთებდა. მღვდელმონაზონი ჩანაწერში აცხადებს, რომ "ეს ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესებას უწყობდა ხელს", ხოლო წერილში წერს, რომ "ექიმების თვალსაზრისით ეს მოქმედებები ფრიად საზიანო იყო ბავშვების გადარჩენის მცდელობისათვის და ზოგიერთი ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებას უშლიდა ხელს".

იმავე წერილის ბოლოში მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს: "ბავშვთა საავადმყოფოში მომაკვდავი ბავშვების "მონათვლები", რომელიც არც თუ ისე თბილი (და მისი მრავალჯერადი გამოყენების გამო, არც თუ ისე სუფთა) წყლით ზედმეტად თავზე დასხმით ანდა მიპკურებით ცივდება და საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს მაშინ, როდესაც ექიმები ყველანაირად ცდილობენ ამ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას. ვინაიდან ჩვენი ეკლესიის ეპისკოპოსები არ რეაგირებენ ასეთ უმსგავსობებზე და არაფრად მიაჩნიათ თავზეხელაღებული სექტანტური მოქმედებები, არანაირ ღონეს არ ხმარობენ ასეთნაირი მოქმედებების აღმოსაფხვრელად და პირიქით, ხელს უწყობენ მათ (ვინაიდან ზოგიერთი მათგანისთვის ცნობილია, რომ ასეთი ნათლობები ბავშვთა საავადმყოფოებში დღესაც გრძელდება და არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც). მე მინდა ფართო საზოგადოებისა და უპირველეს ყოვლისა ასეთნაირად "მონათლული" ბავშვების მშობლების სამსჯავროზე გამოვიტანო ჩემი ეს უღირსი საქციელი. ჩემს მიმართ ალბათ გამოთქმულ სამართლიან გულისწყრომას მორჩილად მივიღებ", - წერს მღვდელმონაზონი.

მღვდელმონაზონი აცხადებს, რომ მან შეიტყო ასეთი "უკანონო და უმადლო" ნათლობების შესახებ ბათუმშიც "შემოქმედის ეპარქიის არქიმანდრიტის კურთხევით ერთი ბათუმელი ერისკაცი, რომელიც ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოებში ჩუმად ახდენს რეანიმაციებში შეღწევას და მომაკვდავი ბავშვების დარღვევით, ოთხჯერადი პკურებით მონათვლას, ადგილობრივი ეპისკოპოსისა და მშობლების ნებართვის გარეშეც. ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენე ეპარქიის ზედამხედველს, მიტროპოლიტ დიმიტრის, მან ჩემთან შეხვედრა ვერ მოახერხა და გამიშვა ბათუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ მამა იაკობთან. რომელსაც ყველაფერი მოვახსენე და მეუფე დიმიტრის დავუტოვე წერილი" - ამბობს მღვდელი ვიდეოჩანაწერში.

მღვდელმონაზონი მოსე ახარაძე ასევე საუბრობს მისი მხრიდან ნათლობის წესის დარღვევის შესახებ, კერძოდ, სამის ნაცვლად ბავშვებისთვის წყლის ოთხჯერ პკურებაზე. როგორც თავადვე განმარტავს, ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანია გამოხატოს სინანული და შეატყობინოს მშობლებს, რომ მათი შვილები ხელახალ ნათლობას საჭიროებენ.

"ამ უმსგავსო და ურჯულო სექტანტური მოქმედებების შესახებ ვუთხარი შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს, რომლის ეპარქიაშიც ვსახურებდი და მან მიპასუხა შემდეგნაირად: მთავარია ნათლობის ფორმულა წარმოთქვა სწორად და შემდეგ, თუ გინდა ათჯერაც დაასხი წყალიო. როდესაც მე მას ვუთხარი, მეუფეო, როდესაც მღვდელი იესო ქრისტეს განწესების თანახმად არ მონათლავს, რჯულის კანონის მიერ ექვემდებარება განკვეთას, მან მიპასუხა, რომ სინანულის შემთხვევაში ეპისკოპოსის მოწყალება ყოველგვარ რჯულის კანონზე მაღლა დგასო. მას ჩემთვის არც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისთვის, არც მისი ლოცვა-კურთხევის არასწორად შესრულებისთვის, სხვა ეპარქიაში გადასვლით და მღვდელმოქმედებებისთვის და არც იმ ეპარქიის ლოცვა-კურთხევის არ ქონის გამო, რომელ ეპარქიაშიც მე ვმღვდელმოქმედებდი ჩემთვის რჯულის კანონის თანახმად შესაბამისი ეპიტემია [საეკლესიო სასჯელი] არ მოუცია", - ამბობს მღვდელი.

მისივე განმარტებით, მან მიტროპოლიტ იობ აქიაშვილს მიმართა, თუმცა, ამ დრომდე საღვთისმეტყველო კომისიას რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება არ ჰქონია: "შემდგომში მივმართე საღვთისმეტყველო კომისიის თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ იობს, რომელმაც დარღვევით აღსრულებული ნათლობის საიდუმლოება შემდეგნაირად განმარტა: მთავარია ნათლობის ფორმულა თქვა სწორად და მეოთხედ დასხმას არაუშავს. ზოგჯერ ფეხებზეც ასხამენ წყალს „აწ და.."-ზეო და ესეც ისეთი არაფერი არისო", - ამბობს მღვდელი.

ტაბულა დაუკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციის მისაღებად.

კომენტარები