ე.წ. ოდეერი

სესიაშვილი: ქსენოფობია დამაბრალეს, რაც აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, მთავრობის დადგენილების შემდეგ, "არანაირი უშიშროების ოფიცერი უმაღლეს სასწავლებლებში არ არის". სესიაშვილს ტაბულამ იმედთან მისი განცხადება შეახსენა და ჰკითხა - უნდა იყოს თუ არა უნივერსიტეტში უსაფრთხოების ოფიცერი. 

"მე მხოლოდ მაგალითი მოვიყვანე, ვიღაცებმა დამდეს ქსენოფობიაში ბრალი, რაც აბსოლუტურად არასწორი შეფასებაა. მე ვცდილობ. დავუკავშირდე ამ ორგანიზაციას, რომ მოვიწვიო. მეტიც, სამწუხაროდ, ამ ორგანიზიაციამ თავის განცხადებაში თავად მიანიშნა ქსენოფობიურ მიდგომებზე, როცა მე მხოლოდ აისისის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე ვსაუბრობდი და არანაირად არ მიხსენებია არც რომელიმე ეთნიკური, არც რომელიმე რელიგიური ჯგუფი", - ამბობს სესიაშვილი.

რაც შეეხევა მის პირად პოზიციას, დეპუტატის თქმით, "მე მიმაჩნია, რომ რიგ შემთხვევებში, სადაც არის მოწყვლადი ჯგუფები, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული საფრთხეები და კონკრეტული საფრთხეებიდან გამომდინარე უნდა განვსაზღვროთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ამ საფრთხეების ლიკვიდირებას მოახდენს. ეს იქნება შიგნიდან, გარედან თუ გვერდიდან, ეს არის იმ სამსახურების გადასაწყვეტი, რომლებსაც კომპეტენცია გააჩნიათ ამ საკითხში".

ცნობისთვის, 12 მარტს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკა" ისაუბრა - რატომ იყო აქამდე უშიშროების ოფიცერი უნივერსიტეტში.

"არის გარკვეული საფრთხეების რისკები, რასაც შეიძლება რიგითი მოქალაქე პირდაპირ ყურადღებას ვერ აქცევს. მაგალითად, თქვენ იცით, ისლამისტური სახელმწიფოს პრობლემები მთელი მსოფლიოსთვის აბსოლუტურად თვალშისაცემია. თქვენ იცით, რომ ძირითადი მოწყვლადი ჯგუფები არიან ახალგაზრდები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს. სამწუხაროდ, არის გარკვეული მცდელობები, რომ მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების ე.წ. დავერბოვკება. ამიტომ კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის მათი იქ ყოფნა ნაწილობრივ გამართლებული იყო. ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდეს ხვალ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა ისლამისტურ სახელმწიფოში ტერორისტად მებრძლებთან ერთად და ის აღმოჩნდა იმიტომ, რომ მისი "ვერბოვკა" მოხდა თბილისის უნივერსიტეტში. მომთხოვთ თუ არა პასუხს? ხომ მეტყვით, რატომ არ გაატარეთ პრევენციული ღონისძიება? სად იყო უშიშროება? ასე მარტივი არ არის", - თქვა სესიაშვილმა გადაცემაში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ირაკლი სესიაშვილმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შსს-ს უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრის, ე.წ. ოდეერის არსებობა ქსენოფობიური მოტივით ახსნა და გაამართლა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მიუღებელია საგანმანათლებო დაწესებულების კონტროლი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისა და ისეთი ინსტიტუტის მიერ, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს ექვემდებარება და აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მმართველობაში. 

კომენტარები