ხადიჯა ისმაილოვას საქმე

ისმაილოვას საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს დაიწყო

Reuters.com

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რადიო თავისუფლების მიმომხილველის, ხადიჯა ისმაილოვას პატიმრობის საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს დაიწყო. ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრების დეტალებზე ქართველ ჟურნალისტებს ინფორმაცია ბაქოში ვიზიტის დროს,  ისმაილოვას დედამ, ელმირა ისმაილოვამ და აზერბაიჯანის ინტერნეტტელევიზია Meydan TV-ის ჟურნალისტმა სამირა აჰმედბეილიმ გააცნეს.

ხადიჯა ისმაილოვა, აზერბაიჯანში 2014 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. ჟურნალისტი საგამოძიებო ორგანოების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ისმაილოვამ აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა. ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში აზერბაიჯანის ინტერნეტტელევიზია Meydan TV-ის ჟურნალისტი სამირა აჰმედბეილის თქმით, ხადიჯა ისმაილოვას დაპატიმრებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, რამიზ მეჰდიევის გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მეჰდიევმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ქვეყანაში არსებული მეხუთე კოლონა უწოდა, ხოლო ისმაილოვა სახელმწიფო ღალატში საჯაროდ დაადანაშაულა.

ისმაილოვას თავდაპირველად ბრალად ჟურნალისტ ტურალ მუსტაფაევის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა ედებოდა. ისმაილოვას საქმის გამოძიება მუსტაფაევის ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომელიც წარსულში რადიო თავისუფლებისა და აზერბაიჯანული ინტერნეტტელევიზია Meydan TV-ის ჟურნალისტი იყო. მოგვიანებით მუსტაფაევმა აღიარა, რომ ისმაილოვას ბრალი ძალოვნების ზეწოლის გამო დასდო და 2015 წლის აპრილში მან საჩივარი სასამართლოდან გამოიტანა, რის შემდეგაც  სასამართლომ ისმაილოვა უდანაშაულოდ ცნო ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეუწყვეტიათ და ისმაილოვა არ გაუთავისუფლებიათ. 2015 წლის 1 სექტემბერს აზერბაიჯანის სასამართლომ გამომძიებელ-ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა დამნაშავედ ცნო არალეგალურ ბიზნეს საქმიანობაში, ცილისწამებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. სასამართლომ ისმაილოვას 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავისუფლების აღკვეთის გარდა ისმაილოვას სასამართლო ხარჯების დასაფარად ჯარიმა დაეკისრა და 3 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ხადიჯა ისმაილოვას დედის, ელმირა ისმაილოვას თქმით, ხადიჯას წლების განმავლობაში  პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებით ემუქრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ  2012 წელს ჟურნალისტს ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერები გაუვრცელეს.  ხადიჯა ისმაილოვას მეგობრისა და ინტერნეტტელევიზია Meydan TV-ის ჟურნალისტ სამირა აჰმედბეილის თქმით, ხადიჯა ისმაილოვა დაკავებამდე საგამოძიებო ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

„ნახევარ წელზე მეტ ხანს ხადიჯას უთვალთვალებდენ, როდის გადიოდა, როდის შემოდიოდა სახლში? სად მიდიოდა, ვისთან ერთად? რას აკეთებდა სახლში? იჯდა, იწვა, ეძინა. საგამოძიებო ორგანოები ყველაფერს ადევნებდნენ თვალს 5 თვის განმავლობაში, ხოლო დაკავების შემდეგ ეს ყველაფერი ხადიჯას წინააღმდეგ კომპრომატად გამოიყენეს. ხადიჯამ სასამართლოშიც უჩივლა, რა თქმა უნდა აზრი არ ჰქონდა არაფერს“, - ამბობს  სამირა აჰმედბეილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ისმაილოვას ინტერესებს ამალ კლუნი დაიცავს, რომელმაც ელმირა ისმაილოვას თქმით, თავად გამოთქვა ადვოკატად ყოფნის სურვილი.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ამალ კლუნი დაგვიკავშირდა და ხადიჯას ადვოკატად ყოფნის სურვილი გამოთქვა, ხადიჯა დათანხმდა ამ წინადადებას. რადგან ხადიჯა დათანხმდა, რა თქმა უნდა მეც დავთანხმდი. ხადიჯას და მის მეგობრებს მე მხარს ყველაფერში ვუჭერ“, - ამბობს ელმირა ისმაილოვა.

ცნობისთვის, Human Rights Watch-ის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 33 უფლებადამცველი დააკავა, დაკავებულებს შორის 10 ჟურნალისტი იყო.

კომენტარები