საგარეო ვაჭრობა

ქუმსიშვილი: ექსპორტის წახალისების სააგენტოს შექმნაზე ვმუშაობთ

დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქართველოს მთავრობა შემცირებული ექსპორტის გაზრდის მიზნით ახალი, ექსპორტის წახალისების სააგენტოს შექმნაზე მუშაობს. პროექტის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც პროდუქციის ექსპორტს გეგმავენ, კრედიტს საშეღავათო პირობებით მიიღებენ. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები ფულს იმისთვის გადაიხდიან, რომ უცხოეთში ქართული პროდუქცია უფრო იაფად იყიდებოდეს.

"რაც შეეხება ექსპორტის წახალისების სააგენტოს, უფრო სწორედ კი ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საპარტნიორო ფონდთან. პარალელურ რეჟიმში ისე მოხდა, რომ მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შესაძლებლობა. აღნიშნული ბოლო პერიოდში მთლიან ჭრილში იხილებოდა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

დღეისთვის უცნობია, თუ რა პირობებით მოხდება ექსპორტიორი კომპანიების დაკრედიტება, ასევე უცნობია, თუ რა იქნება ამ სააგენტოს ბიუჯეტი და რა კრიტერიუმებით შეარჩევს სააგენტო იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სახელმწიფოსგან შეღავათიან კრედიტს მიიღებენ.

სააგენტოს შექმნა მორიგი სუბსიდირების პროგრამის დაწყების ტოლფასი იქნება. ქართველი გადასახადის გადამხდელები ფულს გადაიხდიან იმაში, რომ ქვეყანაში დამზადებული პროდუქცია უცხოეთის მოქალაქეთათვის უფრო იაფი ღირდეს, რა დროსაც გაზრდილ სარგებელს არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ იმ ქვეყნის მოქალაქეები იღებენ, ვინც ქართულ პროდუქციას შეღავათიან ფასად ყიდულობს.

კომენტარები