კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

კარასინი: კარგი იქნება, თუ კანონს ოკუპაციის შესახებ საერთოდ გააუქმებენ

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ კანონი ოკუპაციის შესახებ გაუქმდება. ამის შესახებ მან პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრა.

"ჩვენი პარლამენტარები ფიქრობენ, რომ დაესწრონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, რომელიც საქართველოშია დაგეგმილი. წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცული ნებისმიერი გართულებისგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამისგან უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში, ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება", - თქვა კარასინმა.[რუსთავი 2-ის თარგმანი]

ცნობისთვის, 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად ოკუპირებული რეგიონების სტატუსს და ადგენს მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებაზე გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

კომენტარები