საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული

შაჰ - დენიზის მილსადენი
bp.com

2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $1.3 მილიარდი შემოვიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. საქსტატი იმ კომპანიების ათეულს აქვეყნებს, რომლებმაც გასულ წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები ჩადეს.  

1) BP GROUP


ფოტო: bp.com

აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპამდე ახალი მილსადენის მშენებლობისთვის საერთო ჯამში $28 მილიარდის დახარჯვა იგეგმება. მილსადენი ექსპლუატაციაში 2018 წლის ბოლოს გაეშვება. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ინვესტიცია ჩადო BP-იმ გასულ წელს საქართველოში, კომერციული საიდმულოებაა, თუმცა ის სავარაუდოდ $500 მილიონს შეადგენს.

2) სამედიცინო კორპორაცია ევექსი


ფოტო: evex.ge

2015 წელს მეორე უმსხვილესი ინვესტორი კომპანია სამედიცინო კორპორაცია ევექსი იყო. კომპანია საქართველოში ყველაზე მსხვილ ჰოსპიტალურ ქსელს ფლობს, რომელიც დღეისთვის საქართველოს 6 რეგიონში 44 კლინიკით არის წარმოდგენილი. გასულ წელს კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა.

3) საქართველოს ბანკის ჯგუფი


ფოტო: georgiaabout.files.wordpress.com

საქსტატის ცნობით, მეოთხე უმსხვილესი ინვესტორი კომპანია სს ბიჯეო ჯგუფია, რომელიც საკუთარ რამდენიმე მიმართულების მსხვილ ბიზნესს აერთიანებს. კომპანიაში შედის საქართველოს ბანკი, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სამედიცინო კორპორაცია ევექსი), სამშენებლო კომპანია ემ კვადრატი და კომპანია GGU, რომელიც თბილისის წყალმომმარაგებელ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ფლობს. ინვესტიციის ზუსტი მოცულობა, რაც ჰოლდინგმა გასულ წელს საქართველოში ჩადო, კომერციული საიდუმლოებაა.

4) შპს CBD Development ისთ ფოინთი


ფოტო: facebook.com/eastpointtbilisi

CBD Development-მა გასულ წელს თბილისში ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ცენტრის ისთ ფოინთის მშენებლობა დაასრულა. ინვესტიციის ზუსტი მოცულობა კომერციული საიდუმლოებაა. CBD Development-ის ამ სიაში მოხვედრა განაპირობა ფაქტმა, რომ ის ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

5) აიდიეს ბორჯომი შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი


ფოტო: thedeepestsite.com

მეხუთე ინვესტორი კომპანია აიდიეს ბორჯომი შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალია". კომპანია ორი დასახელების მინერალურ წყალს ბორჯომსა და მიტარბის აწარმოებს. კომპანია ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, სწორედ ამიტომ მის მიერ განხორციელებული ინვესტიციები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებად კლასიფიცირდება. 

6) შპს აჭარისწყალი ჯორჯია


ფოტო: flickr.com

შპს აჭარისწყალი ჯორჯია რიგით მეექსვე ინვესტორია. კომპანია აჭარაში შუახევ ჰესსა და კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, რომელთა საერთო სიმძლავრეც 337 მეგავატია. კომპანია ინდური ენერგოკომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy-ისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ არის დაფუძნებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ ჰესები ადგილობრივ ბაზართან ერთად ელექტროენერგიას თურქეთსაც მიაწვდიან.

7) შპს ტავ ურბან საქართველო


ფოტო: wikimedia.org

თბილისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია შპს ტავ ურბან საქართველო აეროპორტში გატარებულ ყოველ მგზავრზე $22-იან მოსაკრებელს იღებს, მიღებული თანხით კი ტერმინალის განვითარებაში დებს ინვესტიციებს. კომპანია საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და ის თბილისის აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს. 

8) სს ნენსკრა ჰიდრო


ფოტო: flickr.com

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ სახელმწიფო კომპანია ‪‎K-Water‬-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ იქნება. სს “ნენსკრა ჰიდრო” არის კორეელი ინვესტორის მიერ ნენსკრა ჰესის განვითარების მიზნით შექმნილი საპროექტო კომპანია.

9) შპს რუსთავის აზოტი


ფოტო: hanyazilim.com

შპს რუსთავის აზოტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოა. 2015 წელს აზოტის სასუქების ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა $109 მილიონი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. ექსპორტის შემცირებასთან ერთად რუსთავის აზოტს სხვა ფინანსური პრობლემებიც შეექმნა, კომპანია ბუნებრივი აირის მიმწოდებლისგან, სოკარისგან, ტარიფის დაკლებას მოითხოვდა, რასაც 2016 წლის თებერვალში კომპანიისთვის ბუნებრივი აირით მომარაგების შეწყვეტა მოჰყვა. რუსთავის აზოტი ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული, სწორედ ამიტომ მოხვდა ეს კომპანია უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორების ათეულში.

10) შპს ბათუმი თაუერი


ფოტო: victoryaltd.com

ბათუმი თაუერი 2015 წელს საქართველოს მთავრობამ საპრივატიზაციოდ გაიტანა. 35-სართულიანი შენობა 2014 წელს ბელიზში დაფუძნებულმა შპს ბათუმი თაუერმა $25.6-ად შეიძინა. შპს ბათუმი თაუერი სამშენებლო კომპანია რედკომ დააფუძნა, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ მაქსიმუმ 36 თვის მანძილზე შენობაში მინიმუმ $15 მილიონის ინვესტიცია ჩადოს და მასში მაღალი კლასის სასტუმრო მოაწყოს.

კომენტარები