აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: რუსეთთან გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა

ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აბაშიძე-კარასინის ფორმატზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას შეუწყო ხელი. აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან დაძაბულობის შემცირება ქვეყნის შიდაპოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

„ჩვენმა მთავრობამ 2012 წელს ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც ფაქტიურად მოიშალა 2008 წლის ომისა და შემდგომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად. საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა. ჩვენ გარკვეულწილად შევამცირეთ საქმე და ქვეყანას განვითარების საშუალება მივეცით. რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდაპოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნინელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანასისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა. ეს არის რეალობა", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერმინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებითვე, რუსეთთან დიალოგი დადებითად აისახა საქართველოში სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ, რუსეთში მცხოვრებ და ასევე ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში დაკავებულ ადამიანებზე.

„მეკითხებიან ხოლმე, კიდევ რა კონკრეტული შედეგები მოიტანა რუსეთთან დიალოგმა? ჯობს, ამის თაობაზე ჰკითხოთ ქართველ გლეხებს, მეღვინეებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს კოპანიებსა და ათასობით ადამიანს ამ სფეროში, ტურიზმის სფეროში ჩართულ უამრავ ხალხს, ჰკითხეთ ჩვენს ფინანსისტებს, თუ რა თანხები შედის ბიუჯეტში ყოველივე ამისგან - მილიონამდე რუსი ტურისტისაგან. რა მოიტანა დიალოგმა? - დაუსვით ეს კითხვა იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს რუსეთში, მათ მშობლებს. მათგან, ალბათ, პასუხს მიიღებთ. ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა. ეს ხალხიც ჩვენი ხალხია", - თქვა მან.

ზურაბ აბაშიძის თქმითვე, რუსეთთან დიალოგმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროინტეგრაციის წარმატებით წარმართვის პროცესში.

„რუსეთთან დიალოგმა საშუალება მოგვცა, წარმატებით გვევლო ევროინტეგრაციის გზაზე, გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ზაფხულისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ისტორიული მიღწევებია და რუსეთთან დიალოგი ამ ისტორიული მიღწევების მნიშნელოვანი ნაწილია. ზუსტად ასე ხედავენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ასევე, მათთვის, ვისაც სჭირდება რუსეთში წასვლა, ახლობლების მონახულება თუ ბიზნესისათვის იქ გადაადგილება, მათთვისაც ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სავიზო რეჟიმი მნიშნელოვნად გამარტივდა ამა წლის დასაწყისიდან", - განაცხადა მან.

კომენტარები