მოგების გადასახადი

ხადური: მოგების გადასახადის ახალი მოდელი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

ტაბულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, საბანკო სექტორზე კი ის 2019 წლიდან გავრცელდება. აქამდე არსებული გეგმის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედებას 2016 წლის პირველი ივლისიდან აპირებდა, რისთვისაც ბიუჯეტის საგადასახადო და ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 350 მილიონით შემცირებას გეგმავდა, თუმცა ბიუჯეტის ამ მოცულობით კორექტირება წელს აღარ მოხდება.

"კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ამოქმედდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადს, თქვენ იცით, რომ ძირითადი საშუალებების იმპორტზე დღგ-ის გადახდა საჭირო აღარ იქნება. ეს ეტაპი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. მეორე ეტაპი ეს იქინება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით და ბიზნესის წინადადებით ჩვენ გავაანალიზეთ და ვეთანხმებით ამ შემთხვევაში ბიზნესასოციაციების ნაწილს, გადასახადის მოდელი ამოქმედდება 2017 წლის პირველი იანვრიდან. საფინანსო სექტორზე კი ის გავრცელდება 2019 წლის პირველი იანვრიდან. ეს ნიშნავს, რომ ორი წლის მანძილზე საფინანსო სექტორი დაბეგვრის ძველ რეჟიმზე დარჩება", - ამბობს ნოდარ ხადური.

მოგების გადასახადის რეფორმის ძალაში შესვლის თარიღის გადაწევის მომხრე ბიზნესასოციაციათა ნაწილი იყო, მათ გუშინ პრემიერმინისტრს განცხადებით მიმართეს. ასოციაციაში ფიქრობდნენ, რომ რეფორმის ნაჩქარევად განხორციელება მრავალ გაუგებრობას გამოიწვევდა, თუმცა ბიზნესასოციაციათა ნაწილი ამ რეფორმის 2016 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედების მომხრე იყო.

თუკი მოგების გადასახადის ახალი მოდელი ძალაში 2017 წლის იანვარში შევა, ეს ნიშნავს, რომ 2016 წელს არ განხორციელდება წინასწარ დაგეგმილი მოცულობის ბიუჯეტის კორექტირება.

კომენტარები