საბავშვო ბაღები

თბილისის მერია: შიდა აუდიტის სამსახურმა ბაგა-ბაღებში დარღვევები გამოავლინა

თბილისის მერიის განცხადებით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად ბაღებში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები დაფიქსირდა. დედაქალაქის მთავრობის ცნობით, აუდიტის სამსახურმა ინსპექტირება რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში ჩაატარა. მონიტორინგი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა.

"ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა სააგენტოს მიერ გადარიცხული ფულადი სახსრების არამიზნობრივი და არასწორი ხარჯვა, რაც მიუთითებს ბაღის დირექტორის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით აუდიტის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი", - აცხადებს თბილისის მერია.

საკადრო გადაწყვეტილებები გააპროტესტეს თბილისის რამდენიმე ბაღში. რუსთავი ორის ცნობით, მე-2 საბავშვო ბაღი დილიდან პარალიზებულია. პედაგოგებმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც დირექტორის გათავისუფლება შეიტყვეს. საკითხი გააპროტესტეს მშობლებმაც. ისინი გადაწყვეტილებას "უსამართლოს" უწოდებენ და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. მშობლებმა და პედაგოგებმა ერთიანი განცხადება შეიმუშავეს და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას მიმართეს. გარდა ამისა, მე-6 საბავშვო ბაღის გათავისუფლებული დირექტორი თამარ ბაქრაძე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები