2008 წლის აგვისტოს ომი

თიბილოვი: მზად არ ვართ ქართველი ხელოვანების კულტურული დემარშისთვის ოსეთში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების "რუსთავისა" და "ბანის" დაგეგმილ კონცერტებს ეხმაურება. მისი თქმით, "ოსური კულტურა, ჩვენი ტრადიციები და ჩვევები გვავალდებულებს, რომ მადლიერნი ვიყოთ ძლიერებისა და სუსტების, როგორც მეგობრების, ასევე მტრების, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს ქართული ფაშიზმის საშინელება, ჭრილობები ჯერ კიდევ სტკივათ და ისინი ჯერ არ არიან მზად ქართველი ხელოვანების კულტურული დემარშისთვის ოსეთში, თუნდაც მის ჩრდილოეთ ნაწილში". თიბილოვი აღნიშნავს, რომ ოსი ხალხის თანდაყოლილი სულგრძელობა ჩრდილოეთ ოსეთს საშუალებას მისცემს, გაიგონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რეაქცია და გამიჯნონ სტუმართმოყვარეობა და პოლიტიკური კონიუნქტურა იმ რთული პროცესისგან, რასაც ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენა ჰქვია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თქმით, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ კონცერტებზე აქტიური დისკუსია მიმდინარეობს და ხალხის აზრი ორად არის გაყოფილი. მისი თქმით, განსაკუთრებით დასანანია, რომ ამ დავაში ჩართულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სამშობლო, მისი ისტორია და ტრადიციები ძალიან უყვართ.

"ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აღელვებას ხელს უწყობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხმამაღალი განცხადებებიც. მაშფოთებს ისიც, რომ ზოგიერთი მედია აკეთებს ღია მოწოდებებს საპროტესტო აქციების ჩასატარებლად, ზოგი კი ხალხს მოუწოდებს, რომ სრული იგნორით შეხვდნენ ამ კონცერტებს. ამ პროცესების მოსალოდნელი ესკალაცია შეუძლებელია, არ მაღელვებდეს მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს", - ამბობს თიბილოვი.

მისი თქმით, საზოგადოებრივი დაპირისპირების უკან, მესამე ძალა დგას, რომელიც ამ პროცესების ესკალაციას უწყობს ხელს. თიბილოვის აზრით, ამ მესამე ძალას ოსი ხალხისთვის კარგი არაფერი უნდა.

"მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პროცესები ვერ შეძლებენ ოსი ხალხის გახლეჩას და ვერც რუსეთთან ინტეგრაციის პროცესების განვითარებას შეუშლიან ხელს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცამ შეძლოს ჩვენი ხალხით, ჩვენი ძმებით მანიპულაცია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ჩვენი ოჯახის - ოსეთის დანგრევის საშუალება. ორი ძმის ჩხუბში ყოველთვის ვიღაც მესამე იმარჯვებს. მესამე, რომელიც აშკარად არ არის დაინტერესებული იმით, რომ ოსებმა განაგრძონ ერთად ცხოვრება, საერთო ისტორიით, კულტურითა და მომავლით", - აღნიშნავს თიბილოვი.

თიბილოვი მიმართვაში საუბრობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებაც და ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ქართული მხარისგან ბოდიშს დღემდე უშედეგოდ ელოდება.

"ჩვენ გვესმის ორივე მხარის უკმაყოფილება ოსეთის რესპუბლიკის ორ ნაწილად გაყოფის ირგვლივ [ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთად]. განსაკუთებით სამხრეთ ოსეთის, რომელმაც საქართველოს მიერ მოწყობილი გენოციდი გადაიტანა. საქართველო, ოსეთის სამხრეთ ნაწილისთვის არ ითვლება უბრალო მეზობლად. სწორედ საქართველომ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში სულ 5 დღე გასტანა, თუმცა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და უამრავი პრობლემა შეუქმნა რესპუბლიკას. არ შეიძლება, დავივიწყოთ ის მოვლენები, რაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განვითარდა. იმ ყველა ბოროტებას, რაც საქართველომ ჩაიდინა, არაფერი არ ეწოდება გენოციდის გარდა და ჯერ კიდევ არავის საქართველოს მთავრობიდან, პოლიტიკოსებიდან, საზოგადო მოღვაწეებიდან და კულტურის წარმომადგენლებიდან ბოდიში არ მოუხდია. არავინ არ მიიჩნია ეს მოვლენები საშინელ შეცდომად და არავის არ სურს სამხრეთ ოსეთისთვის ძალის გამოუყენებლობის გარანტიის მიცემა - გარანტიის, რომ იგივე აღარასოდეს განმეორდება", - ამბობს თიბილოვი.

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ "ქართული თემა" სამხრეთ ოსეთში დღემდე ძალიან მტკივნეულ საკითხად აღიქმება და ამ საკითხთან დაკავშირებით დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება. მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ქართველი ხელოვანების მოწვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათბობის პროცესს ხელს შეუწყობს და რუსეთის როლსაც გაზრდის კავკასიაში.

"ნათელია, რომ ქართველი ხელოვანების მოწვევა ჯდება იმ საერთო სტრატეგიაში, რომელიც რუსეთისა და საქართველოს თანდათანობით დაახლოებასა და კავკასიის რეგიონში რუსეთის როლის გაზრდას გულისხმობს", - ამბობს თიბილოვი და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია დაბნეულობა და უთანხმოება ოსებს შორის. ის თანამემამულეებს თავშეკავებისა და ემოციების კონტროლისკენ მოუწოდებს.

ქართული საცეკვაო ანსამბლების კონცერტები ვლადიკავკაზის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.

კომენტარები