სოფლის მეურნეობა

რძის წარმოების წასახალისებლად მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს

სვანეთი, ალპური მდელო
georgia.travel

საქართველოში რძის წარმოება ყოველწლიურად 2-3%-ით იზრდება, გასულ წელს დამზადებული რძის საერთო მოცულობა კი 663 მილიონი ლიტრი იყო. რძის წარმოების ტემპის დაჩქარების მიზნით მთავრობა ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს. პროგრამის შესახებ პირველი კომენტარი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. პრემიერი ამბობს, რომ რძის მწარმოებელ კოოპერატივებს სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს დანერგავენ.

"ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ პროგრამას - რძის მწარმოებელი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას აძლევს ამ კოოპერატივებს, არა მარტო რძის შემკრები პუნქტი მოაწყონ, არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებლად საველე აპარატურა, რომელიც 40-დან 60 ათას ლარამდე საველე აღჭურვილობის გადაცემას გულისხმობს. ასეთი დღეს არის 30 კოოპერატივი და ეს პროგრამა საშუალებას მისცემს ასეთ კოოპერატივებს, შეაგროვონ ადგილზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს და, ასევე, თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და, მათ შორის, ყველის წარმოებაზე გადავიდნენ, რაც სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს", - ამბობს პრემიერმინისტრი. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამბობს, რომ ახალ პროექტის ბიუჯეტი 360 ათასი ლარი იქნება და პირველ ეტაპზე მისი ბენეფიციარი დაახლოებით 30 კოოპერატივი იქნება. დანელიას თქმით, იმისთვის, რომ კოოპერატივებმა ამ პროგრამაში ჩართვა შეძლონ, მათ წინასწარ სავალდებულო გადამზადების კურსები უნდა გაიარონ. 

"იდენტიფიცირებულია 416 კოოპერატივი, რომელთაც 13 ათასზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავთ. გვინდა, რომ ხელშეწყობის მიზნით გავაკეთოთ ხელმისაწვდომი პირობები მათთვის, რაც უსასყიდლოდ მოწყობილობათა გადაცემას გულისხმობს. ეს არის რძის მიმღები, გამაციებლები, ასევე შესაძლებელია ხელოვნური განაყოფიერების ხელსაწყოების გადაცემა. მათ აუცილებლად უნდა გაიარონ გადამზადების კურსები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას", - ამბობს ოთარ დანელია.

საქსტატის მონაცემებით საქართველოში გასულ წელს 1.3 მილიონი მსხვილფეხა პირუტყვი იყო რეგისტრირებული, რაც 2014 წლის მონაცემებს 4%-ით აღემატებოდა. 

კომენტარები