ბიზნესგარემო საქართველოში

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ფინანსურ პოლიციას ტერორში ადანაშაულებს

globalteleforcesocial.com

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის შპს ნამდვილი პროდუქტების მფლობელი თეიმურაზ შარვაშიძე საგამოძიებო სტრუქტურებს და პირადად გიორგი ბადაშვილს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. შარვაშიძე პრემიერმინისტრს, ბიზნესომბუდსმენს და სახალხო დამცველს განცხადებით მიმართავს. შარვაშიძის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ საკუთრება წაართვა. ასევე, ბიზნესმენის მტკიცებით, პროკურატურა მფარველობს კომპანიის მფლობელს, რომელსაც იჯარით ჰქონდა აღებული შარვაშიძეების კუთვნილი საწყობი და რომელიც ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობს. თეიმურაზ შერვაშიძე ამბობს, რომ ამის შემდეგ, ჯერ მას დასდეს ჯგუფურ თაღლითობაში ბრალი, ხოლო დღეს, მისი ძმა, რძის პროდუქტების ფალსიფიცირების და საბავშვო ბაღების მომარაგების ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენის თქმით, მას, მის ძმას და ოჯახის წევრებს 1995 წლიდან აქვთ რამდენიმე კომპანია - შპს ნამდვილი პროდუქტები, შპს ივერია აგრო, შპს ბიისი-2 ს შპს გეგი, ს/ს ივერია 21.

"შევიცვალეთ მრავალი მთავრობა და სხვადასხვა ბიზნესგარემო. ბოლო პერიოდამდე შევძელით, აგვერიდებინა უამრავი საფრთხე და შემოტევა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა ბოლო პერიოდი, როდესაც ხდება თანამდებობრივი ძალმომრეობა, ბიზნესზე ზეწოლა, კერძო საკუთრების მითვისება და იგნორირება სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის გამოყენება თანამდებობის პირების მიერ, კრიმინალური ბიზნესების ეგრეთწოდებული "დაქოლგვა" კონკურენტებისა შევიწროების და ფიზიკური პირების განადგურების მიზნით.

რამდენიმე წელია, ჩემი და ჩემი ძმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიითვისა თავდაცვის სამინისტრომ, ვერ ვახერხებთ კერძო საკუთრების განკარგვას, ვიღებთ ძალიან დიდ მატერიალურ ზარალს. რამდენიმე წელიწადია, გრძელდება სასამართლო დავა. არც კომპენსაციას გვიხდიან, არც მიწის მონაცვლეობას გვიკეთებენ. 

გარდა ამისა, ამჟამად პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში "მოკალათებული" ზოგიერთი თანამდებობის პირი თავის თანამდებობას ბოროტად იყენებს ნაცნობი პირებისა და ე.წ "დაკრიშული" კომპანიების კრიმინალური ინტერესების დასაცავად. აქედან გამომდინარე, მათ ხელში არსებული ბერკეტებით ცდილობენ ჩვენი ოჯახის წევრების შევიწროებას, დატერორებას და განადგურებას.

ჩვენ საკუთრებაში არსებულმა კომპანია ივერია მორსმა ჩაატარა 100 მილიონიანი პარკინგების სისტემების პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქში. წლის ბოლომდე ვაპირებდით პროექტის განხორციელებას, რასაც მოჰყვა დიდი უკმაყოფილილება ხელისუფლებაში მოკალათებული პირების მიერ და დღეს განხორციელებული შეტევა არის ზუსტად კავშირში. ყველა უკანონო ქმედება მოდის ფინანსური პოლიციისგან და მისი ხელმძღვანელისგან გიორგი ბადაშვილისგან, რომელიც მანამდე იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც ჩვენი ოჯახის წევრები დაჰყავთ დაკითხვაზე და არიან ფისიქოლოგიურ ტერორში.

2015 წლის 4 აგვისტოს, დიდუბეში, ს/ს "ივერია- XXI"-ის კუთვნილ საწყობის ტერიტორიაზე, რომელიც იჯარით ჰქონდათ აღებული საღებავების მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიას შ.პ.ს პროფიკოლი+ს. , გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩნდა ხანძარი, დაიწვა ორი ადამიანი და განადგურდა ს/ს ივერია 21- ის შენობა, ცეცხლი გადავიდა მეზობელ შენობებზე. ზარალი შეადგენს რამდენიმე მილიონ ლარს. ჩვენ მივმართეთ შპს პროფიკოლ+ ის დირექტორსა და კომპანია შ.პ.ს ბმც დისტრიბუციის დამფუძნებელ ნოდარ გაზაევს ზარალის კომპენსაციის საკითხების განხილვისათვის, რაზეც ურთიერთობა არ ისურვეს. დაზარალებულმა კომპანიებმა ერთობლივი წერილით რამდენჯერმე უშედეგოდ მოვითხოვეთ შეხვედრა საკითხების განსახილველად. ჩვენ მივმართეთ პროკურატურას, პოლიციასა და ფინანსურ პოლიციას, რადგან გაგვიჩნდა ეჭვი რომ შ.პ.ს პროფიკოლი+ და მასთან დაკავშირებული კომპანიები საქმიანობას სხვადასხვა დარღვევებით ეწეოდნენ.

პოლიციაში აღძრული საქმე თითქმის არ იძვროდა. ექსპერტის დასკვნაც ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ რამოდენიმე თვის შემდეგ გაკეთდა . ეჭვსა და გაკვირვებას იწვევდა საგამოძიებო უწყებებიდან ასეთი პასიურობა და უმოქმედობა ასეთი სერიოზული საქმის მიმართ, როდესაც ნაკლებად სერიოზულ საქმეებს ძალიან სწრაფად იძიებენ ხოლმე. დაზარალებულებისათვის ცნობილი გახდა, რომ ძმები გაზაევები არიან რეალური მფლობელები სხვადასხვა კომპანიების, სადაც დირექტორებად და დამფუძნებლებად გაფორმებულები არიან ცრუმაგიერი პირები. იმ მიზნით, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობებს, მოქმედებენ ფარულად. თუნდაც ხანძრის შემთხვევაში, შ.პ.ს. პროფიკოლ+ და შ.პ.ს ბმც დისტრიბუცია ქაღალდზე არსებული ფირმებია, რომელთაც რეალური ქონება არ გააჩნია. იმ მიზნით, რომ რაიმე დავის შემთხვევაში, თავი აარიდონ ფინანსური ან მატერიალური დაკისრებული ვალდებულებებს. დაზარალებული კომპანიების სახელით საეჭვო გარემოებების გამო მივმართეთ ფინანსურ პოლიციას და მოვითხოვეთ შეხვედრა გამძიებელთან. საუბარი საკმაოდ კონსტრუქციულად შედგა, სადაც მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ნოდარ გაზაევმა შექმნა ახალი კომპანია შ.პს. "ტექნოქიმია ", დაასაქმა იგივე ხალხი, უმოკლეს ხანში შექმნა დიდი ბრუნვები, ეწეოდა საქმიანობას, სადაც იყენებდა უკანონოდ სხვა კომპანიის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებს. გამომძიებელმა შეამოწმა კომპიუტერში ნოდარ გაზაევის საქმეები და მაშინვე ცნობილი გახდა მისი საქმიანობის შესახებ. რამდენიმე წუთის შემდეგ, გამომძიებელი გავიდა ოთახიდან და დაბრუნდა სახეშეცვლილი, თან შემოვიდა მისი უფროსი ლევან ზაკალაშვილი, რომელმაც განგვიცხადა, რომ ისინი არ ერევიან კერძო კომპანიების საქმეებში და არ აპირებენ ჩვენი შესული განცხადებების განხილვას. აქ უკვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ფინანსური პოლიცია გარკვეულ ფარულ კავშირშია ნოდარ გაზაევის ბიზნესთან.

ამის შემდეგ, დაიწყო აქტიური შემოტევა პროკურატურის მხრიდან ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებზე და ჩემს ძმაზე კონსტანტინე შარვაშიძეზე.

საბურთალოს პროკურატურამ შეუსწავლელი ფაქტებით და გარემოებებით წამიყენა ბრალი ჯგუფურ თაღლითობაში. ბრალის წარდგენა თავად გამომძიებელსაც უკვირდა და მეუბნებოდა - "ბატონო თემურ, ჩვენ ვინ რას გვეკითხება, ან პროკურორ ლია ჩადუნელს ვინ ეკითხება, ეს ზევიდან მოდისო". პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ობიექტურად მოიქცა. ეჭვი არ მეპარება, რომ გავმართლდები, მაგრამ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი სტრესია.

ასევე, დაიწყო შემოტევა ჩემს ძმაზე კონსტანტინე შარვაშიძეზე, რამდენიმე დღის წინ, ფინანსურმა პოლიციამ "შეამოწმა" შ.პ.ს ნამდვილი პროდუქტები და ბრალი წაუყენა მას, ვითომ ფალსიფიკაციის აბსურდულ საქმეზე. თავადაც ვერ გარკვეულან, რას ედავებიან, მაგრამ უნდათ პრობლემებში გაგვხვიონ. 

ასევე იბარებენ ისნის პოლიციაში დაკითხვებზე ჩემი ძმის შვილის ექიმს ნათია შარვაშიძეს, მის მეუღლეს ნარგიზა შენგელიას და ასე გრძელდება ჩვენი ოჯახის ტერორი.

უმორჩილესად გთხოვთ, დროულად აღმოგვიჩინოთ დახმარება და დაგვიცვათ სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებული კრიმინალი თანამდებობის პირებისგან, რადგან არ ვიცით, კიდევ რას აპირებენ. ასევე გთხოვთ, ამ საკითხის განხილვა არ დაევალოს იმ პირებს, რომლებიც ჩვენი დიდი ეჭვით, ამ საქმის მონაწილეები არიან. დღეს დილიდან ჩვენი ერთ-ერთი კომპანია და კონსტანტინე შარვაშიძე მოექცა ფინანსური პოლიციის ზეწოლის ქვეშ, რაც გამოიხატება მედიაში გასული სიუჟეტით, თითქოს ჩვენს ვახდენთ რძის პროდუქტების ფალსიფიკაციას. ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოვითხოვთ, სასაწრაფოდ მოხდეს მოცემულ საქმეზე რეაგირება და დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ", - ნათქვამია თეიმურაზ შარვაშიძის და მისი ადვოკატის განცხადებაში. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დღეს მისცა რძის პროდუქტების მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების - შპს "ნამდვილი პროდუქტები"-ს, შპს "ამირანი XXI"-ს და შპს "ჯი ეს ენ"-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თევდორე გარიშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ბერაია, სერგო ჩარგეიშვილი და ავთანდილ გაგუა.

კომენტარები