ბიზნესსექტორი

მაჭავარიანი: მთავრობა ბიზნესსექტორს და მოსახლეობას ატყუებს

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2016 წლის თებერვალში მთავრობამ ქვეყნის მოსახლეობა და ბიზნესსექტორი მოატყუა, როდესაც ესტონური მოდელის გათვალისწინებით მოგების გადასახადის რეფორმირებას 2016 წლის ივლისიდან დაჰპირდა.

„მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ესტონური მოდელის მიხედვით, მეწარმეებისთვის გაუქმდებოდა: მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება, შეიცვლებოდა ძირითადი საშუალების იმპორტისას დამატებული ღირებულების გადასახადის ვადები, გადამხდელთა ნაწილს ჩამოეწერებოდა ორ მილიარდ ლარამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხები. ეს პრინციპები დღემდე იმიტომ არ არის შესრულებული, რომ 1) მთავრობამ არ ისურვა ბიუჯეტში საკუთარი ფუფუნებისთვის გათვალისწინებული თანხების 400 მლნ. ლარით შემცირება მიმდინარე წელს და ამ თანხების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პენსიონერებისათვის გადაცემა. 2) არსებული სახით კანონპროექტის მიღება ბიზნესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან იგი არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვადასხვა დარგს, ურთულებდა მათ საქმიანობას ყოველთვიურ დეკლარირებაზე გადასვლით", - აღნიშნა დეპუტატმა.

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა საკუთარი შეცდომები, ბიზნესს გადააბრალა ამ კანონპროექტის 2017 წლიდან ამოქმედება. როგორც დეპუტატი ამბობს, მთავრობის ეს შეთავაზება არ იყო ის, რასაც ბიზნესი მოელოდა, პირიქით, აუარესებდა ბიზნესმენების მდგომარეობას და სწორედ ამიტომ მოითხოვეს კანონპროექტის გადადება.

„მთავრობა 2016 წლიდან აღარ ასრულებს კიდევ ერთ დანაპირებს ნახევარ მილიონამდე გაჭირვებული მოსახლეობისათვის, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს. აღარ უბრუნებს მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით გადახდილ 125-131 მლნ ლარს, რაც ამ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს არსებული ინფლაციის, გაძვირებული საქონლის და გაუფასურებული ვალუტის ფონზე", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დეპუტატის თქმითვე, მთავრობამ საერთოდ დაივიწყა საჯაროდ დაანონსებული ბიზნესის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება და დღემდე კანონპროექტის სახითაც არ შეუთავაზებია პარლამენტისათვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შემსუბუქდებოდა სასჯელი ეკონომიკურ დანაშაულზე.

„შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან მთავრობა ბიუჯეტს ავსებს მხოლოდ გაზრდილი საგადასახადო განაკვეთების ხარჯზე და 2017 წელსაც ამ მთავრობის პოპულისტური დანაპირებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ზოგიერთი გადასახადის განაკვეთების ზრდა", - ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.

კომენტარები