ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ზედელაშვილი: ქორწინებაზე რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

დავით ზედელაშვილი
ტაბულა

იურისტ დავით ზედელაშვილის განმარტებით, ქორწინებაზე რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მან ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება ისეთ საკითხზე, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ზედელაშვილის თქმით, რეფერენდუმის კითხვა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა კანონმდებელს მომავალში აეკრძალოს მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფისათვის გარკვეული უფლებების მინიჭება.

"ამას, რა თქმა უნდა, შემზღუდავი ეფექტი აქვს. არსებობს ორი გამოსავალი - პირველ რიგში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ უნდა დაერეგისტრირებინა აღნიშნული საკითხი, სწორედ უფლებების შემზღუდავი ეფექტის გამო. კონტროლისა და კონსტიტუციის დაცვის საბოლოო შესაძლებლობა აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, არ დანიშნოს აღნიშნული რეფერენდუმი, ამ მოთხოვნის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო. ფორმალური თავლსაზრისით, ეს შეკითხვა შეეხება საქართველოს კანონმდებლობით გადასაწყვეტ საკითხს, თუმცა, შინაარსობრივად მასზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა ჰქონდეს შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ. აქედან გამომდინარე კონსტიტუცია კრძალავს აღნიშნული საკითხების რეფერენდუმით გადაწყვეტას, რადგანაც არსებობს უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი საფრთხე. შესაბამისად, ეს საკითხები გატანილია დემოკრატიული პროცესის დღის წესრიგიდან. ამასთან, განსაკუთრებული საფრთხეა ამ საკითხების გადაწყვეტა პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმების მეშვეობით, რამდენადაც ძალიან დიდი საფრთხეა, რომ ემოციურად სენსიტიურ საკითხებზე მოხდეს ამომრჩევლით მანიპულაცია" - ამბობს ზედელაშვილი.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე დაარეგისტრირა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?". სარეფერენდუმო საკითხი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა (შემადგენლობა - ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა).

გარდა ამისა, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ პარლამენტი ქორწინების თაობაზე ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონის პროექტს არ დაამტკიცებს, ქართული ოცნება საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს. დეპუტატი თამაზ მეჭიაური კი არ გამორიცხავს, რომ რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს.

საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მიხედვით, 'არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.'

კომენტარები