ინტერნეტი

კავკასუს ონლაინს მაგთიკომი ყიდულობს

techreviewer.co.uk

კავკასუს ონლაინის საცალო ქსელი კვლავ იყიდება, ბოლო მდგომარეობით კომპანიის შეძენით მაგთიკომი დაინტერესდა. დღეს კომპანიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც კომპანიათა გაერთიანების პროცედურები დაიწყება. დღეს გაფორმებული მემორანდუმით კავკასუს ონლაინი უარს ამბობს სხვა კომპანიებთან (სილქნეთი, ბილაინი) გაერთიანებაზე.

"დღეს, შპს "კავკასუს ონლაინსა" და შპს „მაგთიკომს" შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს "მაგთიკომის" მიერ შპს "კავკასუს ონლაინის" საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით, შპს "კავკასუს ონლაინთან" მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს "კავკასუს ონლაინის" მხრიდან ნებისმიერ სხვა, მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტას.

მოგეხსენებათ, 2015 წლის 11 აგვისტოს, შპს "კავკასუს ონლაინმა" და შპს "მაგთიკომმა" ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, "მაგთიკომის" მხრიდან „კავკასუს ონლაინის" აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისიისგან შესაბამისი წინასწარი თანხმობა მიღებულია 2015 წლის 19 ნოემბერს.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება 2016 წლის 30 მაისამდე. აქტივების გადაცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს. მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს "მაგთიკომი", გადართვის პროცესი განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში." - წერია ერთობლივ განცხადებაში.

მაგთიკომისა და კავკასუსის შერწყმის შემდეგ ქართლ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი, აღმატებული საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტი ჩამოყალიბდება. ეს ქართულ ბაზარზე კომპანიათა შერწყმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემთხვევა იქნება. გარიგების ზუსტი მოცულობა უცნობია.

კომენტარები