ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ხმალაძე: კონსტიტუციით, არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის შესაცვლელად

0 კომენტარი

რესპუბლიკელი დეპუტატის ვახტან ხმალაძის განცხადებით, კონსტიტუცია ამბობს, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის გასაუქმებლად ან მისაღებად. ხმალაძემ ტაბულასთან საუბარში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ცესკოს სარეფერენდუმო შეკითხვა შეაფასა.

„კონსტიტუცია და კანონი ამბობს, რომ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა აისახოს კანონში. იმავდროულად, კონსტიტუცია ამბობს, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის გასაუქმებლად ან მისაღებად. შესაბამისად, ამ კითხვას თუ გაეცა პასუხი, რომ შესაძლებელია ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, ასეთი პასუხი გამოიწვევს იმას, რომ უნდა გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. კონსტიტუცია კი ამბობს, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება ნორმის გასაუქმებლად. მაშასადამე, გამოდის, რომ საკითხის ამდაგვარი დასმა არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნას, გარდა იმისა, რამდენად კონსტიტუციურია საკითხის ასე დასმა", - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუცია ამბობს, რომ ქორწინება არის ნებაყოფლობითი კავშირი და სქესზე არ არის საუბარი.

„მე შემიძლია დავიფიცო, რომ როცა ეს ნორმა იწერებოდა, თავში არავის აზრად არ მოსვლია, რომ ქორწინება შეიძლებოდა სხვაგვარად იგულისხმებოდეს, გარდა ქალისა და მამაკაცის ტრადიციული ურთიერთობა. კონსტიტუციის ნორმის ინტერპრეტაციისას უნდა იქნეს ხოლმე გათვალისწინებული მისი ისტორიულობა ანუ ამ ნორმის დაწერისას რას დებდა კანონმდებელი ამ ნორმაში. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, საკითხის ასე დასმა არ იქნება კონსტიტუციური, ვინაიდან ორი შესაძლო პასუხიდან ერთ-ერთი პასუხი გამოვა, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კითხვა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ასევე არ შეიძლება გატანილი იქნეს რეფერენდუმზე", - ამბობს ხმალაძე.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 მარტის სხდომაზე დაარეგისტრირა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?". სარეფერენდუმო საკითხი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა (შემადგენლობა - ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა).

გარდა ამისა, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, თუ პარლამენტი ქორწინების თაობაზე ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონის პროექტს არ დაამტკიცებს, ქართული ოცნება საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს. დეპუტატი თამაზ მეჭიაური კი არ გამორიცხავს, რომ რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს.

საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მიხედვით, "არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები