სახალხო დამცველის ანგარიში 2015

ომბუდსმენი: გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველის შეფასებით, "გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება". ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2015 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, მშვიდობიან გარემოში აღნიშვნას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე დანაშაულის ჩამდენი არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა", - აცხადებს ომბუდსმენი და აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს.

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონში არსებული ხარვეზები, სახალხო დამცველს უქმნის რეალურ დაბრკოლებას ეფექტურად განახორციელოს მასზე დაკისრებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის და თანასწორობის უზრუნველყოფის ფუნქცია, ხოლო დისკრიმინაციის მსხვერპლს ხელს უშლის ეფექტურად აღიდგინოს მისი დარღვეულ უფლებები. ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წინადადების ინიცირება მოხდა პარლამენტის მიერ, სამწუხაროდ, პროცესი ჭიანურდება და ჯერჯერობით კანონში ცვლილებები არ არის შესული", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

კომენტარები