მთიანი ყარაბაღი

ვოლსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს თბილისი მოლაპარაკებებისთვის უნდა შევთავაზოთ

ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ საქართველომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ფონზე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებათა ადგილად თბილისი უნდა შესთავაზოს. 

"ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება გარდა იმისა რომ მხვერპლთანაც არის დაკავშირებული არის რეგიონის ვითარებისთვის საგანგებო ვითარება. თბილისი საქართველო შევთავაზოთ ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებათა ადგილად. ახლა ის დროა, როდესაც წამყვანმა ქვეყნებმა საგანგებო გადაწყვეტილებები რომ მიიღონ." - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს გია ვოლსკი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით კი საქართველოს ამ კონფლიქტში უფრო ფრთხილი პოზიცია უნდა ეჭიროს. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ მდგომარეობის გამწვავებას ხელი რუსულმა მხარემ შეუწყო, რომელიც მთიან ყარაბაღში სიტუაციის "განსამუხტად" მომრიგებლის როლის შესრულებას და რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერებას გეგმავს.

"სირიული მოდელი მიმდინარეობს ახლა იქ და ამას ყველაფერს აკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი, რომელიც ცდილობს ახლა მომრიგებლად გამოჩნდეს. ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად. საქართველოს ყველა ხელისუფლებას დაწყებული ზვიად გამსახურდიადან გაგრძელებული შევარდნაძითა და სააკაშვილით და ახლანდელ ხელისუფლებასაც ძალიან კარგად ესმით, რომ ამ საკითხში საჭიროა სიფრთხილე და ჩვენ არასდროს არ დაგვიშვია შეცდომა არ გადავიხარეთ რომელიმე მხარეს და არ ვაწყენინეთ არცერთ მეზობელს." - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ვრცელდება, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაღუპულია 12 აზერბაიჯანელი სამხედრო, სომხური მხრიდან კი დანაკარგი 100-ზე მეტს შეადგენს, თუმცა ამ რიცხვებს სომხეთი უარყოფს. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით.

დღეს განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა.

კომენტარები