მთიანი ყარაბაღი

ბერძენიშვილი: რუსეთი ყარაბაღში სირიული მოდელის დადგმას ცდილობს

ტაბულა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში მოვლენათა ესკალაცია ცალსახად რუსული სცენარის ნაწილია, რომლის მიხედვითაც რეგიონში სირიული მოდელი უნდა დაიდგას. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი მთიან ყარაბაღში სიტუაციის "განსამუხტად" მომრიგებლის როლის შესრულებას და რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერებას გეგმავს. ამ ფონზე ბერძენიშვილი საქართველოს მთავრობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. 

"სირიული მოდელი მიმდინარეობს ახლა იქ და ამას ყველაფერს აკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი, რომელიც ცდილობს ახლა მომრიგებლად გამოჩნდეს. ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად. საქართველოს ყველა ხელისუფლებას დაწყებული ზვიად გამსახურდიადან გაგრძელებული შევარდნაძითა და სააკაშვილით და ახლანდელ ხელისუფლებასაც ძალიან კარგად ესმით, რომ ამ საკითხში საჭიროა სიფრთხილე და ჩვენ არასდროს არ დაგვიშვია შეცდომა არ გადავიხარეთ რომელიმე მხარეს და არ ვაწყენინეთ არცერთ მეზობელს." - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი კი ფიქრობს, რომ საქართველომ ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარებასი უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს და მხარეებს მოლაპარაკებების ადგილად თბილისი უნდა შესთავაზოს. 

თბილისი საქართველო შევთავაზოთ ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებათა ადგილად. ახლა ის დროა, როდესაც წამყვანმა ქვეყნებმა საგანგებო გადაწყვეტილებები რომ მიიღონ." - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს გია ვოლსკი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ვრცელდება, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაღუპულია 12 აზერბაიჯანელი სამხედრო, სომხური მხრიდან კი დანაკარგი 100-ზე მეტს შეადგენს, თუმცა ამ რიცხვებს სომხეთი უარყოფს. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით.

დღეს განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ უკვე მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კომენტარები