undefined

ბრიუსელის აეროპორტი დღეიდან მუშაობას ნაწილობრივ განაახლებს

AFP

ბრიუსელის აეროპორტი დღეიდან მუშაობას ნაწილობრივ განაახლებს. ტერორისტთა თავდასხმიდან 12 დღის შემდეგ, ზავენტიმის აეროპორტიდან რამდენიმე რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება.

BBC-ის ცნობით, აეროპორტი უსაფრთხოების ახალი, უფრო მკაცრი ზომების პირობებში იფუნქციონირებს.

აეროპორტი ჯერ კიდევ დახურული რჩება ავტობუსებისა და მატარებლებისთვის. დანიშნულების ადგილზე მოხვედრა მგზავრებს მხოლოდ ავტომანქანებითა და ტაქსებით შეეძლებათ. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მგზავრთა და ბარგის დამატებით შემოწმებას გულისხმობს, მათ შორის, შენობის შესასვლელში.

პირველი რეისი შუადღით, პორტუგალიის მიმართულებითაა დანიშნული. რეისები ასევე შესრულდება საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით.

ბელგიის უდიდესი აეროპორტიდან ტერაქტებამდე დღეში საშუალოდ 600 ფრენა სრულდებოდა. მაგალითისთვის, თებერვლის თვეში ის 1.5 მილიონ ადამიანს მოემსახურა. მომდევნო დღეებში აეროპორტის 20%-ით დატვირთვა იგეგმება.ბელგიაში იმედოვნებენ, რომ აეროპორტი სრულად ივნისის ბოლოსთვის ამუშავდება.

22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურზე მოწყობილ სისხლიან ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

კომენტარები