კოალიციის დაშლა

დღეს გაირკვევა, დატოვებს თუ არა ეროვნული ფორუმი კოალიციას

wikipedia.ge

მმართველი კოალიციის ერთერთი სუბიექტი ეროვნული ფორუმი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში და დარჩება თუ არა არჩევნებამდე კოალიციაში.

ამ კითხვებზე პასუხი პარტიის რიგგარეშე ყრილობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ყრილობას, რომელიც უკვე 2 საათია, მიმდინარეობს, 500-მდე დელეგატი ესწრება.
წინასწარი მონაცემებით, დელეგატები მხარს უჭერენ კოალიციიდან გასვლას და არჩევნებში მონაწილეობის დამოუკიდებლად მიღებას. საბოლოო კენჭისყრა ყრილობის დასრულებისას უნდა გაიმართოს.

როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან თქვა, კოალიციის დატოვების შემთხვევაში, ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც დატოვებს.
სანიკიძისვე თქმით, კოალიცია ფაქტობრივად უკვე მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია ქართული ოცნება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს. ეს გადაწყვეტილი აქვთ რესპუბლიკელებსაც, თუმცა რესპუბლიკელი თანამდებობის პირები ამ დრომდე პოსტებს ინარჩუნებენ. კოალიციის კიდევ ერთმა სუბიექტმა, კონსერვატიულმა პარტიამ, გუშინ გადაწყვიტა, რომ უმრავლესობას არ ტოვებს, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კი კონსულტაციებს იწყებს.

კომენტარები