ალიევი: სომხურმა პროვოკაციამ ჩვენგან ადეკვატური პასუხი მიიღო

trend.az

სომხეთმა 2 აპრილის ღამეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ კიდევ ერთი შეიარაღებული პროვოკაცია განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს გამართულ უშიშროების საგანგებო სხდომაზე განაცხადა. 

"აზერბაიჯანმა მტერს ღირსეულად უპასუხა და მას თავისი ადგილი მიუჩინა, ეს იყო ადეკვატური პასუხი. ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ოპერაცია პროვოკაციაზე საპასუხოდ ჩატარდა, ჩვენ დიდ სამხედრო გამარჯვებას მივაღწიეთ. მინდა მივულოცო ჩვენს არმიაას და მთელ აზერბაიჯანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ მტრის პროვოკაციები არც მომავალში დარჩება უპასუხოდ. სომხეთის ასეთი ქმედებების მიზეზი ჩემთვის საიდუმლო არაა. სომხეთს არ უნდა მშვიდობა, მათ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება არ სურთ. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებისთვის, რასაც მრავალი საბუთი ადასტურებს. მოლაპარაკებები უკვე 20 წელია მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებათა გადამწყვეტ ეტაპებზე სომხეთი ყოველთვის მიმართავდა პროვოკაციებს. სომხეთი ყოველთვის ქმნიდან ურთიერთშეხების ადგილებში დაძაბულობებს."- ამბობს ილჰამ ალიევი.

აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა სომხური მხარე საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მოქმედებას ტერორიზს უწოდებს.

გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ბრძოლები შეჩერდა, თუმცა წუხანდელი ღამის განმავლობაში ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის გამყოფ ხაზზე სროლის ხმა კვლავ ისმოდა. სხვადასხვა ინფორმაციით, ორივე მხარე მძიმე არტილერიას იყენებდა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით, ის იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით ემოქმედა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ უკვე მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კომენტარები