ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, პრემიერმა საგანგებო სხდომა გამართა

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა მთავრობის კანცელარიაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გამართა. სხდომას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეხვედრას რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძეც ესწრებოდა. 


ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial


ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმა დღესვე მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

"გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა სიტუაციის ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების განახლების გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება სიტუაციის დეესკალაცია, რაც მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად."- წერია მთავრობის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით, ის იძულებული იყო, თავდაცვის მიზნით ემოქმედა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა.

კომენტარები