Panama Papers

Panama Papers: პუტინის პირველი ვიოლინჩელო და ოფშორული $2 მილიარდი

bloomberg.com

რუსეთის პრეზიდენტის ქონება მის ოფიციალურ ქონებრივ დეკლარაცაიას მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა თავად ვლადიმირ პუტინზე ეს ქონება რეგისტრირებული არაა. დღეს გავრცელდა ჟურნალისტური გამოძიება Panama Papers-ის მასალები, რომლებშიც მსოფლიოს 72 სახელმწიფოს მოქმედი ან ყოფილი მეთაურის ქონებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ქონებასაც ეხება. გამოძიება ერთ-ერთი უმსხვილესი პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს დოკუმენტაციას ეყრდნობა.

ვინ არის პუტინის პირველი ვიოლონჩელო

ჩელისტი სერგეი როლდუგინი ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, სწორედ როლდუგინმა გააცნო პუტინს მეუღლე მარია, ის პუტინის შვილის მარიას ნათლიაც არის. როლდუგინი თავს ბიზნესმენად არ მიიჩნევს, თუმცა მის სახელზე რეგისტრირებულია მრავალი უმსხვილესი კომპანიის წილი. მაგალითად როლდუგინი 12%-იან წილს ფლობს რუსეთის უმსხვილეს სარეკმალო კომპანია Video International-ში, რომლის შემოსავალიც გასულ წელს $1 მილიარდი იყო. Mossack Fonseca-ის ინფორმაციით, როლდუგინი ასევე ფლობს Kamaz-ისა და Bank Rossiya-ს 3%-იან წილს. 

სერგეი როლდუგინი
ფოტო: Sergei Roldugin

Bank Rossiya არაოფიციალურად პუტინის პირად ბანკად მიიჩნევა და ის 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო ამერიკის მთავრობის მიერ სანქცირებულ ბანკთა შორისაც მოხვდა. ჟურნალისტური გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ბანკმა მინიმუმ $1 მილიარდი ოფშორულ ზონაში შექმნილ საკრედიტო კომპანია Sandalwood Continental-ში გადაიტანა. შემდეგ კი რუსულმა სახელმწიფო ბანკმა VTB-იმ კვიპროსის ფილიალის მეშვეობით, ფიქტიურ საკრედიტო ორგანიზაცია Sandalwood Continental-ს დაახლოებით $650 მილიონი გადაურიცხა. Panama Papers-ის ინფორმაციით კრედიტი ფიქტიური იყო და VTB-ის თანხა უკან აღარ მიუღია. თავად Sandalwood Continental-მა კი რამდენიმე რუსულ კომპანიას საბაზროზე მაღალ განაკვეთში მისცა სესხი, მიღებული თანხები კი შევიცარიაში საიდუმლო ანგარიშებზე გადაირიცხა.

ჟურნალისტური გამოძიებიდან ცნობილი გახდა, რომ ოფშორში რეგისტრირებულმა Sandalwood Continental-მა საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით ნაკლები განაკვეთით $11 მილიონით დააფინანსა კომპანია Ozon, რომელიც სათხილამურო კომპლექს Igora-ს ფლობს. კომპლექსის აშენებიდან 18 თვის შემდეგ იქ პუტინის შვილის ეკატერინა პუტინასა და ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთი მეგობრის ვაჟის კირილ შამალოვის ქორწილი გაიმართა. 

ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ Sandalwood Continental-ის მიერ Ozon-ზე გაცემული სესხი ფიქტიური იყო და რეალურად თანხის დაბრუნება არ მომხდარა. Panama Papers-ის ინფორმაციით, Sandalwood Continental-ი ამაზე უფრო მასშტაბურ ფიქტიურ სესხებს ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთის გარეშე გასცემდა. პანამური კომპანია Mossack Fonseca-ს მასალებიდან ირკვევა, რომ როლდუგინის კომპანიამ $200 მილიონის სესხი მხოლოდ $1 დოლარად გასცა, ეს კი საერთაშორისო კლასიფიკაციით მსხვილმასშტაბიანი ფულის გათეთრებაა, რადგანაც საკრედიტო ორგანიზაციები ჩვეულებრივ მილიონობით მოცულობის სესხებს $1 დოლარად არ გასცემენ. 

კომენტარები