სარგსიანი: თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა, ყარაბაღის დამოუკიდებლობას ვცნობთ

www.president.am

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, სომხეთი ორმხრივ დათმობის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა. თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები დადგინდება და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა გათავისუფლდება კოლონიზაციის მუქარისაგან. სარქისიანის თქმით, თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება და უფრო ფართო სახეს მიიღებს, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს.

აზერბაიჯანელებისა და ეთნიკურად სომეხ სეპარატისტებს შორის დაპირისპირების ინტენსივობამ, დღეს შედარებით იკლო, თუმცა ჯერჯერობით, ესკალაციის დასრულების ნიშნები არ არის. აზერბაიჯანი იუწყება, რომ მზად არის, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები ცალმხრივად შეწყვიტოს, თუმცა, აზერბაიჯანული მხარისვე განცხადებით, თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს არ სურს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი ალიევის განცხადებას "საინფორმაციო ხაფანგს" უწოდებენ.

სომხური მხარის უკანასკნელი ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში 30 სამხედრო დაიღუპა, მათგან 18 ეთნიკური სომეხი და 12 - აზერბაიჯანელი.

კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს რუსეთიც. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ჩვენი პოზიცია გამოხატა პრეზიდენტმაც, გამოვხატეთ საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმაც. დავუკავშირდით ჩვენს კოლეგებს ბაქოსა და ერევანში, გამოვთქვით შეშფოთება და დავადასტურეთ პრეზიდენტის გზავნილი, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა უმოკლეს ვადაში შეწყდეს, რომ არ შეიქმნას დამატებითი სირთულეები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. იმედი მაქვს, რომ მათ ჩვენი მიმართვა მოისმინეს მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა გასცეს ბრძანებები, დღეს კვლავ ვისმენთ ინფორმაციას, რომ ექსცესები სრულიად არ არის აღმოფხვრილი" - თქვა ლავროვმა.

შეშფოთებას გამოთქვამს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტიც, რომლის განცხადება ასამბლეის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. აგრამუნტი დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დასარეგულირებლად.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით კი, ის იძულებული იყო, თავი დაეცვა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ოფიციალურად მსგავსი პოზიცია აქვს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც.

კომენტარები