რელიგიის სააგენტო ყარაბაღის კონფლიქტზე: არ დაუშვათ ურთიერთმტრობა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებში მონაწილე მხარეებს, კონფლიქტის მოლაპარაკების გზით, მშვიდობიანად გადაჭრისკენ მოუწოდებს. სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ყველა მუსლიმ და სომეხ სასულიერო ლიდერს მიმართავს, მოუწოდონ საკუთარ მრევლს, შეინარჩუნონ ერთიანობა და მეგობრობა.

"ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს და იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია, იმედს გამოვთქვამთ, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება და მხარეები ყველა პრობლემას მოლაპარაკების მაგიდასთან, მშვიდობიან პირობებში გადაწყვეტენ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მოგიწოდებთ თითოეულ მათგანს, არ დაუშვათ ურთიერთმტრობა და სრულიად კავკასიისთვის ისედაც რთულ ვითარებაში, ნუ შევქმნით დამატებით კონფლიქტის ზონას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიმართავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ყველა მუსლიმ და სომეხ სასულიერო ლიდერს, მოუწოდონ საკუთარ მრევლს, შეინარჩუნონ ის ერთიანობა და მეგობრობა, რითაც მუდამ გამოირჩეოდა ჩვენი ქვეყანა", - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები