დევნილების აქცია

ვალიშვილი: დევნილებმა გაზრდილი შემწეობით კომუნალურები თავად უნდა დაფარონ

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ ორი წლის წინ, დევნილების ყოველთვიური შემწეობა 17-23 ლარით გაიზარდა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კომუნალური გადასახადები თავად უნდა დაფარონ. ვალიშვილი წეროვანში მცხოვრები დევნილების დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა.

"პირველი წლები სუბსიდია ხდებოდა ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული კურსთაშორისი სხვაობა და გარკვეული ინფრასტრუქტურული ხარჯები, ამ დევნილებისთვის მთელი სამუშაო სახელმწიფოს ხარჯზე სრულდებოდა და რამდენიმე სეზონი ნამდვილად ხორციელდებოდა სუბსიდირება. მას შემდეგ, რაც ლტოლვილების დახმარების მოცულობა გაიზარდა, ის თანხა უკვე მოიცავს კომუნალურ გადასახადებსაც და უნდა გადაიხადონ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა", - თქვა ვალიშვილმა.

2014 წლამდე, ე.წ. კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები შემწეობის სახით თვეში 22 ლარს იღებდნენ და მათ კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო ფარავდა. ე.წ. კერძო სექტორში განსახლებული დევნილები კი, კომუნალურ გადასახადებს თავად იხდიდნენ და სახელმწიფო შემწეობის სახით 28 ლარს იღებდნენ თვეში. შემდეგ, სახელმწიფომ ყველა დევნილს 45-ლარიანი შემწეობა დაუნიშნა და კომუნალურების სუბსიდირება შეუწყვიტა.

მაშინდელმა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, რომ გადაწყვიტეს, ყველა დევნილი თანაბარ პირობებში ჩაააყენონ. დარახველიძე ამბობდა, რომ დევნილებს 23 ლარით მომატებული შემწეობით თავად უნდა გადაეხადათ კომუნალური გადასახადები. 

დღეს, ენერგეტიკის სამინისტროსთან (იუსტიციის სახლი) წეროვანში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია სახელწოდებით - რატომ მოგვატყუეთ - გამართეს.დევნილების ინფორმაციით, მათ დიმიტრი ხუნდაძის არჩევის სანაცვლოდ, ქართული ოცნება კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაჰპირდა. ახლა კი, დევნილების დიდ ნაწილს გაზი ჩაჭრილი აქვს დავალიანების გამო. მათი განცხადებით, გადასახადების სახელმწიფოს მიერ გადახდას დევნილებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაჰპირდა. 

კომენტარები