მედიცინა

ექსტაზი შესაძლოა სამედიცინო ნარკოტიკების სიაში შევიდეს

Wikimedia Commons

2007 წელს ერაყიდან დაბრუნებულ ომის ვეტერან ტონი მეისის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. თავდაპირველად მან ვეტერანთა ურთიერთობის დეპარტამენტში სტანდარტული თერაპიის გავლა სცადა.

"თითქოს გზას გადავუხვიე, მარტოსული და უამრავ წამალზე დამოკიდებული გავხდი", - აღნიშნავს მეისი.

ამის შემდეგ, ყოფილი სერჟანტი ფსიქოდელიური კვლევების მრავალპროფილური ასოციაციიის (MAPS) ორგანიზებული კლინიკური ცდის წევრი გახდა. MAPS-ი ამ დროს ცდას ატარებდა და "არატრადიციული ნივთიერებით" ცდილობდა იმ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანების განკურნებას, რომლებსაც სტანდარტულმა თერაპიებმა ვერ უშველეს.
ეს "არატრადიციული ნივთიერება", „გასართობი ნარკოტიკის", ექსტაზის სუფთა (შეურეველი) ფორმა ანუ MDMA იყო.

"როდესაც MDMA-მ მოქმედება დაიწყო, მივხვდი, რომ ის იყო, რასაც ვეძებდი. დავუბრუნდი ჩემს თავს. თითქოს ზურგიდან მძიმე ტვირთი მომეხსნა", - ამბობს მეისი.

მეისი ერთადერთი არ ყოფილა. MAPS-ის ერთ-ერთმა პირველმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მონაწილეთა 83%-ს, მკურნალობის დაწყებიდან 2 თვეში, აშლილობის ნიშნები აღარ აღენიშნებოდათ.მათ კი, ვინც კვლევებში მონაწილეობა გააგრძელა, 4 წლის შემდეგაც კი არანაირი აშლილობის ნიშანი აღარ ჰქონდათ.

კვლევებში 20 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 12 MDMA-ს იღებდა, 8 კი პლაცებოს (პლაცებოს შემთხვევაში, მონაწილეთა 25%-მა განიცადა პროგრესი).

ამ შედეგებმა კვლევების მეორე ფაზას დაუდო სამუძველი.

2016 წლის მარტში MAPS-მა განაცხადა, რომ ცდების მეორე ფაზაც სრულდება, რომელიც მინიმუმ რვა კვლევას მოიცავდა. MAPS-ის კომუნიკაციების დირექტორის, ბრედ ბურგის თქმით, MDMA-ს გამოყენებით ჩატარებულმა ფსიქოთერაპიებმა 136 ადამიანი განკურნა.

MAPS-ი 2017 წელს კვლევების მესამე, საბოლოო ფაზის დაწყებას აპირებს, რომელიც 2021 წელს დასრულდება და მასში ასეულობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მესამე ფაზის დასრულების შემდეგ კი, ორგანიზაცია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ოფიციალურ "აღიარებას" დაელოდება. ბურგის თქმით, ორგანიზაციას სჯერა, რომ MDMA-ს თერაპიული მედიკამენტის სტატუსს მიანიჭებენ.

MAPS-ს კვლევების დასასრულებლად 20 მილიონი დოლარი სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ფარმაცევტული კომპანიები MDMA-ის პატენტის ამოწურვის შემდეგ ამ კვლევებთან დაკავშირებით დიდ დაინტერესებას არ იჩენენ, MAPS-მა თვითდაფინანსების გზას მიმართა, თუმცა, თანხა მაინც არასაკმარისია. ამ ეტაპზე პროექტს რამდენიმე ათასი დონორი ჰყავს და MAPS-ი უფრო მეტის მოზიდვას ცდილობს.

MAPS-ისთვის MDMA-ს გამოყენებით მკურნალობის უსაფრთხოების "აღიარება" მთავარი პრიორიტეტია. მესამე ფაზის დასრულებისა და MDMA-ს ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, MAPS-ი MDMA-ს გამოყენებით ზრდასრული აუტისტი ადამიანებისა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების (მაგ. კიბო) მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელ სოციალურ გაუცხოებასა და შიშებთან ბრძოლასაც აპირებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ კვლევები ჯერ არ დასრულებულა და საბოლოოდ შედეგებიც არ გამოქვეყნებულა, ვერ ვიტყვით, რამდენად უფრო ეფექტურია ეს თერაპია სხვა უკვე არსებულ თერაპიებთან შედარებით. თუმცა, მკვლევართა მოსაზრებით, ამ ეტაპზე არსებული შედეგები ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

კომენტარები