აზერბაიჯანი: სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია

Reuters

აზერბაიჯანული მხარე მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 115-ჯერ დაარღვიეს.

თავის მხრივ, არაღიარებული რესპუბლიკის "თავდაცვის სამინისტროს" განცხადებით, მათ გასული ღამის განმავლობაში დარღვევები არ დაუფიქსირებიათ.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის მხარეები ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის მტკიცებით კი, ის იძულებული იყო, თავი დაეცვა. შაბათის ბრძოლებში დაიღუპა, სულ მცირე, 30 სამხედრო. ვრცელდება ცნობები სამოქალაქო მსხვერპლზეც.

მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე გუშინ შეთანხმდნენ.

ბოლო დღეებში ყარაბაღში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები