Panama Papers

პუტინი: PANAMA PAPERS-ის უკან აშშ დგას, ეს ვიკილიქსმაც დაგვანახა

ვლადიმირ პუტინი
newsweek

ის, რომ პანამის დოკუმენტების უკან აშშ-ის ოფიციალური პირები დგანან, ვიკილიქსმაც დაგვანახა - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფშორულ სკანდალს.

პუტინის თქმით, დასავლელი ოპონენტები რუსეთში ოფშორული სკანდალის გამოყენებით რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მისი თქმით, მათი სურვილია, რომ რუსი ხალხის სოლიდარობა და ერთიანობა შეარყიონ.

"90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ყველას მოსწონდა ჩვენთვის სხვადასხვა პროდუქტისა, ჰუმანიტარული დახმარების გამოგზავნა და იმის კარნახი, რას თვლიდნენ ისინი საჭიროდ რუსეთთან მიმართებაში და შემდგომში ამის თავისი ინტერესებისთვის გამოყენება. ევროპასა და შტატებში მაშინაც იყვნენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ არ შეიძლება რუსეთთან ასე მოქცევა, უნდა გავითვალისწინოთ მისი ინტერესები, ის ადრე თუ გვიან ფეხზე წამოდგება და კარგი იქნება, თუ ჩვენ მასთან მიმართებაში დაბალანსებულ პოლიტიკას გავატარებთ და მის ინტერესებსაც პატივს ვცემთ. თუმცა, ძირითადად ასეთ ადამიანებს არავინ უსმენდა.

ჩვენი ოპონენტები საერთაშორისო არენაზე მონოპოლიას შეეჩვივნენ და არავის ინტერესების გათვალისწინება არ უნდათ. თუმცა, სირიაში ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთს პრობლემების მოგვარება არამხოლოდ სადმე მახლობლად რეგიონში შეუძლია, არამედ ჩვენგან მოშორებითაც. მაგრამ ეს მათთვის მთავარი არ არის. ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პრობლემები გვქონდა, გახდა უფრო დამოუკიდებელი, ასევე ჩვენი ეკონომიკა 2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით ორჯერ გაიზარდა, ეკონომიკის მოცულობა თითქმის ორჯერ გავზარდეთ.

მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ეს იმდენად არ აწუხებთ, მათ ყველაზე მეტად რუსი ხალხის ერთიანობა და სოლიდარობა, ამიტომ ცდილობენ შიგნიდან შეგვარყიონ, რომ უფრო დამჯერები გავხდეთ. ამისთვის ყველაზე მარტივი საშუალება საზოგადოების შიგნით მთავრობის მიმართ უნდობლობის დანერგვა და ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებაა. ეს პირველი მსოფლიო ომის დროს ნაცადი ხერხი იყო, ასე მიიყვანეს ქვეყნები დაცემამდე", - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა Panama Papers-ში კორუფციული ელემენტების არსებობა უარყო. მისი თქმით, ამ ყველაფრის უკან აშშ-ის ოფიციალური პირები დგანან, რაც ვიკილიქსმაც დაადასტურა.

"ოფშორულ სკანდალთან კავშირი არ მაქვს, მაგრამ ჟურნალისტებს აქვთ დავალება, რომ რამენაირად მეც გამრიონ. სწორედ ამიტომ, მათ იპოვეს ჩემი მეგობარი, მე ვუყურებ ამ სურათებს, აქ უკანა პლანზე ბევრი ადამიანია, გაუგებარია ვინ არიან, ხოლო ჩემი სურათი წინა პლანზეა გამოტანილი დიდ ფორმატში. ამბობენ, რომ ჩემი ერთი მეგობარი გარეულია ამ ამბავში და ალბათ ეს რაღაც კორუფციულ ელემენტებს შეიცავს.

რა კორუფციულ ელემენტებს? აქ არანაირი კორუფციული ელემენტები არ არის. ის, რომ ამის უკან აშშ-ის ოფიციალური პირები დგანან, ეს ჩვენ ვიკილიქსმაც გვანახა. როდესაც აშშ-ის ოფიციალური პირები ასეთ თავხედურ განცხადებას აკეთებენ, ეს ამჟღავნებს იმას, რომ ისინი დაინტერესებული პირები არიან. ეს ჩვენთვის, ცხადია, კარგია, რადგან ნათელი ხდება, თუ ვინაა ამ ყველაფრის დამკვეთი", - განაცხადა პუტინმა.

კომენტარები