Check-in Georgia

გიორგაძე: ცნობილი მომღერლების ჩამოსვლა გზავნილია, რომ სტაბილური ქვეყანა ვართ

ტაბულა

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, Check in Georgia "არ არის მხოლოდ კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალი და რამდენიმე კონცერტის დაფინანსება-არ დაფინანსების საკითხი". მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ეს არის ბევრად უფრო ეკონომიკური პროექტი, ვიდრე კულტურული პროექტი, რომელიც არის ძალიან პრაგმატულად გააზრებული და გათვლილი".

კულტურის მინისტრის განცხადებით, "ამ დონის, ხარისხის და მასშტაბის პროექტები ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობას, პოპულარიზაციას და პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას". მისი თქმით, ეს დადებითად აისახება ტურისტული ნაკადების ზრდაზე.

"ამას მოყვება ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა ყველა იმ სერვისსა და ინდუსტრიაში, რომელიც თან სდევს ასეთ აქტივობებს. ეს აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე, მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე", - ამბობს გიორგაძე.

კულტურის მინისტრის თქმითვე, ცნობილი მომღერლების ჩამოსვლა არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანაა.

"ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ამ სფეროში და ვისაც ჰქონია შეხება ამ მასშტაბის და დონის სააგენტო და სამენეჯმენტო კომპანიებთან, გეტყვით, რომ ყველა საკითხზე უფრო წინ, საორგანიზაციო, ტექნიკური, ფინანსური და ასე შემდეგ, A კლასის ვარსკვლავები აყენებენ უსაფრთხოების და ქვეყანაში სტაბილურობის საკითხს. ანუ, ის, რომ ასეთი დონის ვარსკვლავები ამ ქვეყანაში ჩამოდიან, არის სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხო და სტაბილურია, მზად არის, როგორც ინტელექტუალური, ადამიანური რესურსის და გამოცდილების, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მიიღოს ასეთი მასშტაბური პროექტები. ეს არ არის უბრალოდ სასიამოვნო კულტურული ღინისძიება, ეს არის ძალიან სერიოზული ტექნიკური აღჭურვულობა, ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული მომზადება, სერიოზული პირობების დაკმაყოფილება, რომელიც ვარსკვლავების მოთხოვნებს მოყვება. ეს არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ გამოცდილებით, ინფრასტრუქტურით, სტაბილურობით და უსაფრთხოებით ეს ქვეყანა არის მზად, მიიღოს უმაღლესი დონის ვარსვლავები, და ეს ასევე არის გზავნილი ინვესტორებისთვის და არამხოლოდ ტურისტული სააგენტოებისთვის ან ზოგადად ტურისტებისთვის. ასე რომ, მე მინდა დაგანახოთ ბევრად უფრო ფართო ხედვა ამ პროექტის და არა უბრალოდ ჩაკეტვა მხოლოდ მის საკონცერტო და კულტურულ კომპონენტზე", - თქვა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 20 ლარიდან დაიწყება. მათი მაქსიმალური ღირებულება 90 ლარი იქნება. პროექტი Check-in Georgia საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება. 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდმა უნდა გამოყოს. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. 

კომენტარები