დევნილების აქცია

სუბარი: დევნილი, ვისაც ბინა დაუკანონდა, არ განსხვავდება სხვა მოქალაქეებისგან

ტაბულა

"დევნილი ადამიანი, რომელიც მიიღებს საკუთრებაში ბინას, არაფრით განსხვავდება ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან, გარდა იმისა, რომ მას, როგორც დევნილს, აქვს დაბრუნების უფლება, როგორც კი აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა", - ასე უპასუხა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტაბულას კითხვას, რომელიც დევნილი მოსახლეობის კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ ქართული ოცნების დაპირებას ეხებოდა. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მთავრობამ დევნილებს კომუნალური გადასახადები ერთხელ გაუნულა, ხოლო მეორედ - 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცეს. სუბარის თქმითვე, დევნილებს არაერთხელ განუმარტეს, რომ "ისინი ვალდებული არიან, კომუნალური გადასახადები გადაიხადონ". აღსანიშნავია, რომ წეროვანში მცხოვრები დევნილების დიდ ნაწილს ბუნებრივი აირი რამდენიმე თვეა, ჩაჭრილი აქვთ. მათ აქციები გამართეს სახელწოდებით - რატომ მოგვატყუეთ. დევნილებს თან ქართული ოცნების წინასაარჩევნო ფურცელიც ჰქონდათ, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც სწორედ დევნილების კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებაა. ამასთან, დევნილთა სამინისტრო განმარტავს, რომ გადასახადებისგან გათავისუფლება "განულებას" ნიშნავდა და არა მთლიანად გადასახადების გაუქმებას.

"დევნილი ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთრება, ის უპირატესობაშია ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან იმით, რომ ოჯახის თითოეული წევრი იღებს დამატებით 45 ლარს. როდესაც განისაზღვრა დანამატის 45 ლარამდე გაზრდა, აქ ჩაიდო განმარტება, რომ ეს არის კომპენსაცია იმ სოციალური გადასახადებისთვის, რომლებიც მანამდე იყო. ამ დახმარებას იღებდა მხოლოდ კომპაქტურ კოლექტიურ ცენტრში მაცხოვრებელი დევნილები. ამის გათანაბრება მოხდა. მიუხედავად ამისა, რომ ეს მოხდა, ჩვენმა ხელისუფლებამ წეროვანს და ყველა სხვა დასახლებას ერთხელ გაუნულა დავალიანება, ხოლო მეორედ, შარშან ზამთარში, თითოეულ მათგანს დავეხმარეთ 200-ლარიანი ვაუჩერით. თუ ჩვენ ეს პრაქტიკა უნდა გავაგრძელოთ, ვინმემ ამიხსნას, რატომ არ უნდა გავუკეთოთ იგივე ვთქვათ ზუგდიდში, მარნეულში, რუსთავში მაცხოვრებელ დევნილებს?! ისინი იქნებიან დისკრიმინირებული. იგივე წეროვანში, აბსოლუტური უმრავლესობა იხდის გადასახადებს, მათ დავეხმარეთ იმაში, რომ დაგროვილი დავალიანება გადავუნაწილეთ მრავალ წელზე, ეს არის ზოგისთვის ერთი წელი და ზოგისთვის 10 წელი, იმის მიხედვით, ვინ რამდენი დააგროვა. 15 ლარს იხდიან თვეში მხოლოდ, ეს არის ძალიან დიდი შეღავათი სოკარის მხრიდან. მაგრამ ვერ იქნება განსხვავებული ერთი კონკრეტული დასახლება და ამ კონკრეტულ დასახლებაში მაცხოვრებელი რამდენიმე ან რამდენიმე ათეული ადამიანი ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან, დანარჩენი დევნილებისგან და იმ დევნილებისგან, რომლებიც ამავე დასახლებაში იხდიან. მათ მილიონჯერ აქვთ განმარტებული, რომ ვალდებული არიან, გადაიხადონ", - ამბობს სუბარი.

მინისტრის თქმით, "ყველას გაუნულდა - ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ დაფარა მათი გადასახადი ერთჯერადად, ხოლო მეორედ, მომდევნო ზამთარს, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყვნენ - დაეწყოთ გადახდა, ბევრმა მათგანმა მაინც დააგროვა გადასახადი".

"ამიტომ, რომ არ ყოფილიყო დისკრიმინაცია (ჩვენ რომ დაგვეფარა იმათვის, ვინც არ იხდის, აღმოჩნდებოდა, რომ ვინც იხდის, იმას ტყუილად გადაუხდია), შარშან ზამთარს, ყველა იმ ოჯახს, ვინც ცხოვრობს კოტეჯებში, მცხეთიდან უღელტეხილამდე, ჩავურიცხეთ 200 ლარი, 50-50 ლარი ოთხ თვეზე. ვისაც გადახდილი ჰქონდა, ჩაერიცხათ პოზიტივში, რომ შემდეგში დახარჯული გადაეხადათ, ვისაც არ ჰქონდა გადახდილი, მათ ჩამოეჭრათ დავალიანება ორასი ლარით, დანარჩენის განვადება მოვახდინეთ. ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ და კიდევ, დამატებით მსგავსი პროექტები აღარ განხორციელდება. იმიტომ, რომ მაშინ გამაგებინეთ, რა დააშავა იმ ადამიანმა, ვინც პატიოსნად იხდის გარდაბანში", - აცხადებს სუბარი.

კომენტარები