ყარაბაღის კონფლიქტი: დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ისევ ადანაშაულებენ

Reuters

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ისევ დაადანაშაულეს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "მთავრობის" განცხადებით, კონფლიქტის ზონაში ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. მათი თქმით, კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 2000-ზე მეტი გასროლა მოახდინეს და ნაღმმტყორცნებიც გამოიყენეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ გუშინ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლი 110-ჯერ გახსნეს, ასევე გამოიყენეს ნაღმმტყორცნები და ტყვიამფრქვევები. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 114 დარტყმა მიიტანეს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სამი სოფელი დაცხრილეს.

დღეს კი, კონფლიქტის ზონაში ე.წ. სიჩუმის პერიოდი გამოცხადდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ადგილობრივი დროით, 15-დან 20 საათამდე ყველანაირ საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ, რათა ბრძოლის ველიდან დაღუპულთა ცხედრები გაიტანონ.

კომენტარები