ენმ: ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეშფოთებას გამოთქვამს მთიან ყარაბაღში ბოლო დღეებში გაზრდილი დაძაბულობის და საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო. პარტიის მოსაზრებით, ამ კონფლიქტის ესკალაცია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

"საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენს უშუალო სამეზობლოში და რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის ყველა სახელმწიფო ჩაბმული იყოს ურთიერთხელსაყრელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის დეესკალაციას და საბოლოო მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ ფუნდამენტური საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ კონფლიქტის მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობის (ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის), იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყოფილი საბჭოთა იმპერიის მთელს სივრცეზე აღმოცენებული ე.წ. კონფლიქტების ინსპირაცია წარმოადგენდა და წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკის ქვაკუთხედს. რუსეთი დღესაც არ ეგუება მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც შემდგომი ესკალაცია შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, რომელიც გვევლინება ძალადობის ინსპირატორად", - წერია განცხადებაში.

კომენტარები