NDI-ის კვლევა

ლორა თორნტონი: მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური მდგომარეობა აწუხებს

ლორა თორნტონი
ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი საუბრობს.

"გამოვაქვეყნეთ ჩვენი გამოკითხვის პირველი ნაწილი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ეკონომიკას, მიმართულებას და საგარეო ურთიერთობებს. საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ქვეყნის მიმართულებასა და ეკონომიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აფასებს. გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას - ხუთი ყველაზე აქტუალური საკითხიდან ოთხი ეკონომიკასთანაა დაკავშირებული. როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის აზრით, მთავრობის მუშაობა ამ მიმართულებით და მათი ოჯახების მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა. კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველები დადებითად აფასებენ დეკემბერში მიღწეულ შეთანხმებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენი კვლევა ცხადყოფს, რომ ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი ძალიან გაზრდილია - 77% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. კვლევამ, ასევე, აჩვენა სტაბილური მხარდაჭერა NATO-სადმი. ამ მხრივ გამონაკლისია მხოლოდ უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, სადაც ნაკლებად უჭერენ მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს და ამბობენ, რომ არ არიან ინფორმირებული ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. საბოლოო ჯამში, ქართველები დადებითად არიან განწყობილი ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით. იმ ადამიანთა რიცხვი ძალიან დაბალია, რომლებმაც არ იციან, რა მოხდა დეკემბერში და არ უჭერენ მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას. მთლიანობაში, ქვეყნის საგარეო მიმართულება დადებითად შეიძლება, შეფასდეს, რადგან მოსახლეობა მხარს უჭერს ქვეყნის პროდასავლურ კურსს, თუმცა, ასევე ახლო ურთიერთობა სურს რუსეთთან. საქართველოს მოსახლეობის განწყობა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით მეტწილად დამყარებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ქართველებს სურთ, რომ მდგომარეობა ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს", - ამბობს თორნტონი.

კითხვას, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ ენდობიან NDI-ის კვლევას და რას იტყვით ამაზე, თორნტონი პასუხობს - "ყოველთვის იარსებებს ხალხი, ვინც არ ენდობა საზოგადოებრივ გამოკითხვებს. ჩვენი პარტნიორების უმეტესობა მთავრობიდან, პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დიპლომატთა საზოგადოებიდან, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ, იყენებს ჩვენს მონაცემებს იმისათვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი პოლიტიკა და სტრატეგიული კომუნიკაციები. შევეცდებით უკეთ გავაცნოთ მათ, როგორ ვატარებთ კვლევას, რაც, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსების სასიკეთოდაა მიმართული, რათა მოსახლეობასთან კომუნიკაციაში აწარმოონ პოლიტიკა, რომელსაც მოსახლეობაზე აქვს გავლენა".

კომენტარები