პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

პრემიერი: გინდ დაიჯერეთ გინდ არა - უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალური ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებიან. პრემიერი ვიზიტის ფარგლებში სიტყვით დუბაიში მსოფლიო ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე გამოვიდა. კვირიკაშვილის თქმით, სერვისების სიმარტივისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გამო, საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არ აქვთ.

"გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება. 2014 წელს ჩვენ გვქონდა ინვესტიციებში 80%-იანი ზრდა. 2015 წელს ინვესტიციებიში მცირე ვარდნა გქვონდა, მაგრამ 1.3 მილიარდიანი შემოდინება ჩვენი ქვეყნისთვის მაინც საკმაოდ კარგი შედეგია. მკითხავთ, თუ რა იზიდავს ბიზნესმენებს საქართველოში. გიპასუხებთ რომ ეს არის დაბალი საგადასახადო დონე, კორუფციის არარსებობა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არსებობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, ქვეყნის ადგილმდებარეობა, გადასახადების დონე არის ის ძირითადი მიზეზები, რატომაც არის საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი. მე ვფიქრობ, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, საქართველოში ინვესტირება და საქართველოს გავლით ევროპასთან ვაჭრობა საკმაოდ სარგებლიანი უნდა იყოს. შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ვგეგმავთ, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს" - თქვა კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი ემირატების პრემიერს მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, რომლის ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში ჯამში 700 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვამ გადააჭარბა 240 მილიონ დოლარს, რაც წინა წლის მაჩვენებლებს 6%-ით აღემატება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები