საქართველოს პარლამენტი

რესპუბლიკელები და ეროვნული ფორუმი საპარლამენტო ფრაქციის სახელწოდებებს იცვლიან

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

რესპუბლიკური პარტია და ეროვნული ფორუმი საპარლამენტო ფრაქციის სახელწოდებას იცვლიან. ისინი „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" და „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის ნაცვლად", შესაბამისად, ფრაქცია „რესპუბლიკელები" და ფრაქცია „ეროვნული ფორუმი" ხდებიან.

ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი სახელის შეცვლას ოპონირების რეჟიმში გადასვლას უკავშირებს. მისი თქმით, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართეს ინიციატივით, რომ შეიცვალოს მათი ფრაქციის სახელწოდება.

„პარლამენტში ფრაქცია რესპუბლიკელები იფუნქციონირებს ამ სახელით და ოპონირების რეჟიმში. ჩვენი განცხადების შესაბამისად, დღეს ჩვენ დავიწყეთ პროცედურები, ვაცნობეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ ფრაქციის სახელწოდება საქართველოს პარლამენტში ამიერიდან რესპუბლიკელები იქნება. ეს არის მხოლოდ სახელის შეცვლა. რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად იღებს მონაწილეობას არჩევნებში და ბუნებრივია, ფრაქციასაც ჰქვია შესაბამისი პარტიული სახელი",- ამბობს ბერძენიშვილი.

ეროვნულმა ფორუმმა კი, სახელწოდების შეცვლის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო თანამდებობების დატოვების თხოვნითაც მიმართა.

„ჩვენ დავტოვეთ უმრავლესობა და ყველა საპარლამენტო თანამდებობა. ავტომატურ რეჟიმში ეს საკითხი ისედაც განიხილებოდა და დადგა დღის წესრიგში, რაც გამოიხატა იმაში, რომ ფრაქციის სახელწოდება შეიცვალა - იყო ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი და დღეიდან ეროვნული ფორუმის ფრაქცია წარმოდგენილი იქნება სახელწოდებით ეროვნული ფორუმი",- ამბობს ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე.

კომენტარები