რომის პაპი საქართველოში

პატრიარქის მდივანი: პაპი მოიწვია პრეზიდენტმა და პატრიარქმაც გაგზავნა მოწვევა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ტაბულას განუცხადა, რომ პაპის მოწვევის ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნოდა, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქმა მოწვევა პროტოკოლის გათვალისწინებით გაგზავნა.

დეკანოზმა ბოტკოველმა, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს, ტაბულასთან საუბარში პაპთან დაკავშირებით მღვდელი დავით ისაკაძის ქადაგებას "მისი სუბიექტური აზრი" უწოდა და არ დაეთანხმა. დავით ისაკაძემ პაპს "ეშმაკის პირველმსახურზე უარესი" და "კომედიანტი" უწოდა. "პლასტელინის პრეზიდენტად" და "კომედიანტად" მოიხსენია ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილი.

მოკლე ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

ტაბულა: ადასტურებთ თუ არა, რომ პაპის ვიზიტი საქართველოში დაიგეგმა პატრიარქის მოწვევით?

მიქაელ ბოტკოველი: მე ვიცი, რომ ის [პაპი ფრანცისკე] პრეზიდენტმა მოიწვია...

ტაბულა: ანუ, კათოლიკოს-პატრიარქს არ მოუწვევია?

მიქაელ ბოტკოველი: არა, შეიძლება ამას უბრალოდ ითხოვს პროტოკოლი, რომ ეკლესიის მეთაურის მოწვევა უნდა არსებობდეს, მაგრამ მე ვიცი, რომ თავდაპირველად მოწვევა მაშინ გაკეთდა, როცა პრეზიდენტი რომში იმყოფებოდა. ასეთ შემთხვევაში, არ ვიცი რამდენად კომპეტენტური ვარ, მაგრამ ასე ვიცი, რომ როცა ასეთი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოდის, ეკლესიის მეთაურის მოწვევაც უნდა არსებობდეს. მე როგორც ვიცი, არსებობს როგორც პრეზიდენტის, ისე პატრიარქის მოწვევაც.

ტაბულა: მიტროსანმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგებისას თქვა, რომ პაპის ვიზიტს არ დაუშვებს და სამარცხვინოდ აქცევს. ასევე განაცხადა, რომ პაპი ეშმაკის მსახურზე უარესია. დეკანოზი დავითი, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (რომლის მთავარეპისკოპოსიც უშუალოდ პატრიარქია) მღვდელმსახურია, ამიტომ გვაინტერესებს საპატრიარქოს პოზიცია...

მიქაელ ბოტკოველი: მე არ ვიცი, არ მინახავს ასეთი ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში შევეცდები გავარკვიო...

ტაბულა: თქვენი პოზიცია როგორია, როცა პაპზე ამბობენ, რომ ეშმაკის მსახურზე უარესია, რამდენად სწორია თქვენი აზრით?

მიქაელ ბოტკოველი: ეს არის მამა დავითის სუბიექტური აზრი

ტაბულა: თქვენ არ ეთანხმებით?

მიქაელ ბოტკოველი: რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, მე, როგორც ეკლესიის ოფიციალური პირი ამას არ ვეთანხმები

კომენტარები