მინდელი: ქართული მედიის ნაწილმა კეზერაშვილზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა

დავით კეზერაშვილის ადვოკატი იმ სააგენტოებს, რომლებმაც პანამის დოკუმენტებზე დაყრდნობით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, არასწორ თარგმანში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით, ქართული მედიის ნაწილმა დაწერა, რომ ოფშორულ კომპანიებში რამდენიმე მილიონი ფრანკი მათი რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, დავით კეზერაშვილის თაბამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჩაირიცხა. შოთა მინდელის თქმით კი, კომპანია 2008 წელს შეიქმნა, ხოლო ტრანზაქციები 2012 წელს, ახალი ინვესტორის გამოჩენის შემდეგ განხორციელდა.  

„ეს მონაცემები უზუსტობებს შეიცავს. გარდა პირველად წყაროში არსებული უზუსტობებისა, დამახინჯებულია ქართული მედიის მიერ გავრცელებული ტექსტი და თარგმანი. ამას აკეთებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტოები. უზუსტობა მდგომარეობს იმაში, რომ თითქოსდა 10 დღის დაფუძნებულ კომპანიაში მოხდა თანხების განთავსება. ამით, სააგენტოები ცდილობენ იმის მითითებას, რომ თითქოს დავით კეზერაშვილმა გადადგომისთანავე განათავსა 25 მილიონი ამ ანგარიშზე. ეს ცალსახად მცდარია და უნდა ვივარაუდოთ, რომ კონკრეტულ მიზნებს ემსახურება ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება," - აცხადებს ადვოკატი შოთა მინდელი და არ გამორიცხავს, რომ იმ სააგენტოებს, ვინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, ეთიკის კომისიაში უჩივლოს. 

შვეიცარიული გაზეთი Tribune de Geneva პანამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ სამი ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა, სადაც ნავთობის ბიზნესიდან მიღებული თანხები ირიცხებოდა. დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამ კომპანიებში ფულის გადარიცხვა შვეიცარული ბანკების მეშვეობით ხდებოდა. დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავისთავად ოფშორულ ზონაში კომპანიების დარეგისტრირება დანაშაულს არ წარმოადგენს და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ბიზნეს საქმიანობაში. 

"რაც შეეხება თვითონ კომპანიის საქმიანობას, რომელიც ნავთობთან დაკავშირებულ ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენდა ყოველწლიურად თვითონ კომპანიის ინიციატივით გადიოდა აუდიტორულ შემოწმებას მსოფლიოში ცნობილ დიდ ოთხეულში შემავალი ისეთი კომპანიისაგან როგორიცაა დელოიტი. აღნიშნული დასკვნები თავის დროზე წარდგენილი იქნა საფრანგეთის სასამართლოში, სადაც იხილებოდა დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხი. მოქმედი რეგულაციების თანახმად აღნიშნული დასკვნები სხვა კორესპონდენციასთან ერთად მიწოდებული იქნა საქართვლოს პროკურატურისთვისაც. უფრო მეტიც, შემიძლია შეგახსენოთ, რომ აღნიშნული დასკვნები გამოქვეყნდა ქართული მედიასაშუალებებითაც, რომელთაც თითქოს შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში აღნიშნული დოკუმენტები. შესაბამისად გავრცელებულ ინფორმაციაში აქამდე უცნობ რაიმე ფაქტებზე არ არის საუბარი. აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იქნა თავის დროზე როგორც საფრანგეთის ექსანპროვანსის სასამართლო ასევე საქართველოს პროკურატურა. ", - ამბობს მინდელი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე უარი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა უთხრეს.

კომენტარები