აფხაზეთის რკინიგზა

შამბა: რკინიგზის გახსნა იქნება ნიშანი, რომ საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს

0 კომენტარი
ფოტო: sputnik-abkhazia.ru

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი საგარეო მინისტრი და შემდგომში პრემიერმინისტრი, ე.წ. პარლამენტის წევრი სერგეი შამბა livepress.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზური რკინიგზის აღდგენაზე თანხმობა საქართველოს მხრიდან "პირველი ნაბიჯების" გადადგმის ნიშანი იქნება.

"ჩემი პირადი მოსაზრებაა, ღია, გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის ამოქმედება დიდ მოგებას მოუტანს აფხაზეთს, საქართველოს, სომხეთს, რუსეთს. პირველ რიგში ეკონომიკურს. თუმცა, ასეთი მიმოსვლის პერსპექტივას ერთი წინააღმდეგობა აქვს - ეს არის ქართული მხარის პოზიცია, რომელსაც არ სურს, წინასწარი პირობების გარეშე, გამჭოლი მიმოსვლის ამოქმედება. მოდით გადავდოთ გვერდზე აფხაზეთის სტატუსის საკითხი და გავხსნათ რკინიგზა.

თუმცა ქართული მხარე თავის პოზიციაზე დგას. ამის გამო კი მესამე მხარე - სომხეთი ზარალდება. სხვათა შორის, ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ კონფრონტაციის დასაძლევად საქართველომ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო", - აცხადებს შამბა.

შამბა დარწმუნებულია, რომ "დადგება დრო, როდესაც ორივე მხარემ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები მტრობისა და კონფრონტაციის დასაძლევად. საჭიროა ფიქრი არა ტერიტორიის დაბრუნებაზე, არამედ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენაზე", - აცხადებს მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, საქართველოში გაჩნდებიან პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც შეძლებენ, "ისევე როგორც თავის დროზე ეს შარლ დე გოლმა გააკეთა, როცა ალჟირი აღიარა", ნაბიჯების "სწორი მიმართულებით" გადადგმას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები