ბიტკოინი

ცისკარიშვილი: ივანიშვილი შეღავათიანი ტარიფებით 7 მილიონს დაზოგავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გლდანში ოფშორული ზონის მოწყობის მოტივაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას 18 ჰექტარი მიწა გლდანის რაიონში 1 ლარად გადაეცა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირ გადასახადს არ იხდის.

"ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ როგორ მოიწყო ბიძინა ივანიშვილმა გლდანში საკუთრი ოფშორი მრავალმილიონიანი საქმის საკეთებლად. ჩვენ უკვე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია იმისა თაობაზე, თუ როგორ გადაეცა მას 18 ჰექტარი მიწა გლდანის რაიონში 1 ლარად, ეს მოხდა მაისში ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით. ის აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირ გადასახადს არ იხდის, რადგან თავისუფალ ეკონომიკურ ზონადაა გამოცხადებული. ესაა ბიტკოინების მოპოვებისთვის საჭირო სასერვერო სისტემა, სადაც რამდენიმე ადამიანი თუ იმუშავებს დარაჯად და სერვერების გადასატვირთვად", - ამბობს ცისკარიშვილი.

უმცირესობის დეპუტატი ივანიშვილის მოტივაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ექსპრემერი წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარს დაზოგავს.

"დღეს მინდა მის მთავარ მოტივაციაზე ვისაუბრო - თუ რატომ გააკეთა ეს ოფშორი, რომელიც დენის დანახარჯების დაზოგვას წარმოადგენს. საწარმო გლდანში მოიხმარს 40 მეგავატ სიმძლავრეს, რომელიც მთელი კახეთის სიმძლავრეს უდრის. რაც შეეხება ტარიფს, თუ საშუალო ფენის ადამიანები იხდიან 17 თეთრს, შეძლებული ოჯახები 21 თეთრს, ბიძინა ივანიშვილი გადაიხდის 11.8 თეთრს. ეს იყო მისი მთავარი მოტივაცია. ასე ის ერთი წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარს დაზოგავს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

 

კომენტარები