ქალთა უფლებები

ჭითანავა: არ შეიძლება, ქალის განცხადებების გამო, პასუხი მოვთხოვოთ ქმარს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლის ეკა ჭითანავას შეფასებით, "გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით გასაგები უნდა იყოს, რომ ქალი არ არის ქმრის საკუთრება, მას შეიძლება გააჩნდეს საკუთარი აზრი, შეხედულება კონკრეტული პროცესების მიმართ და არ შეიძლება, საჯარო კრიტიკის და განცხადებების გამო, პასუხი მოვთხოვოთ ქმარს". ჭითანავამ ტაბულასთან საუბარში შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორმხრივ შეხვედრაზე უარი თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-პოსტის გამო უთხრეს.

"განსაკუთრებით გაუგებარია, როგორ შეიძლება, ამან გავლენა მოახდინოს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებაზე, შეხვედრასა თუ კონკრეტული საკითხის გამო დისკუსიაზე. ზოგადად, ეს დომინანტური დისკურსია ჩვენთან - ქალის განცხადებების გამო ქმარს სთხოვენ პასუხს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს სწორედ იმ ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გენდერული თანასწორობისთვის იბრძვიან" - თქვა ჭითანავამ და აღნიშნა, რომ საჯარო კრიტიკა არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტაბულას დირექტორის facebook პოსტის გამო შეხვედრის გაუქმების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ აცნობეს. იქამდე, ეკა გიგურმა sms-ით გიგა ბოკერიას მისი ცოლის განცხადების გამო უსაყვედურა.

ტაბულას დირექტორმა რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური ჟარგონი გამოიყენა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს ღია წერილით მიმართეს, “სასარგებლო იდიოტები” უწოდა.

ეკა გიგაურმა დღეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილს, ტაბულას საია-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მას მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები აქვს და კომენტარი სავარაუდოდ, არ იქნება. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელ ნინო ლომჯარიასთან დაკავშირება კი მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდება, ის ტაბულას ზარებს არ პასუხობს. დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც ორგანიზაციის პრესსამსახურთან.

ნინო ლომჯარიამ ამ თემაზე კომენტარი გუშინ გამოცემა ნეტგაზეთს მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ "შეხვედრის ჩაშლის მიზეზი იყო არასამთავრობოების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებთანაც პარტიას აქვს კონსტრუქციული ურთიერთობა და საქმიანი თანამშრომლობა".

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები