მეტალურგია

სასამართლომ კომპანია ჯორჯიან მანგანეზს 200 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა

Reuters

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების პოზიცია გაიზიარა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს 200 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კერძო კომპანიის დაჯარიმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის შემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

ჯორჯიან მანგანეზი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია, ის Georgian American Alloys-ის წევრია. ჯორჯიან მანგანეზი აერთიანებს შემდეგ კომპანიებს: 1) ჭიათურის მანგანუმის საბადოსა და მანგანუმის დამუშავების საწარმოს. 2) ზესტაფონის ფეროშენდობებისა და სილიკონმანგანეზის ქარხანა. 3) ჰიდროელექტროსადგური ვარციხეჰესი, რომელიც ელექტროენერგიით ჭიათურის საბადოსა და ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხნებს ამარაგებს. კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ექსპორტიორიცაა.

დავის მიზეზი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჯორჯიან მანგანეზის 2012 - 2015 წლების საქმიანობით დაინტერესდა, სამსახურმა ამ პერიოდის ფინანსური ანგარიშგეგებების შესწავლის შემდეგ კომპანიას ჯარიმა დააკისრა. დავა სხვადასხვა ეპიზოდს, მათ შორის ჭიათურის მაღაროს მიმდებარედ არსებულ ნარჩენებსაც შეეხებოდა, შემოსავლების სამსახურის პოზიციით ნარჩენებიც ისეთივე პროდუქციას წარმოადგენდა, როგორც მადნეული და მის დაბეგვრასაც მოითხოვდა. ჯორჯიან მანგანეზმა შემოსავლების სამსახურს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიების ოთხეულიდან ორის Ernst & Young-ისა და PricewaterhouseCoopers-ის აუდიტორული დასკვნებიც წარუდგინა, თუმცა ისინი შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა.

ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან ხვედელიძის თქმით, ჯორჯიან მანგანეზს დანაშაული არ ჩაუდენია, რადგანაც შემოსავლების სამსახურმა ნარჩენების მარაგებად გათვალისწინების დროს კომპანიის აქტივები ხელოვნურად გაზარდა, რაც ფინანსურ დარღვევას წარმოადგენს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი მოცულობის ჯარიმას შეუძლია მთელი ინდუსტრია შეაჩეროს და ასობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს.

დარგის მდგომარეობა

საქსტატის მონაცემებით, მეტალურგიის დარგში პრობლემებია, 2015 წელს ფეროშენადნობების ექსპორტმა $194 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით ნაკლებია, ასევე შემცირებულია ფოლადის წნელების (არმატურა) ექსპორტიც, რის გამოც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა კრიზისშია.

კომენტარები