დევნილები

სტიგმა, როგორც მძიმე ყოფის საფუძველი

კონსტანტინე ლადარია
0 კომენტარი

მძიმე მატერიალური მდგომარეობა, წარმომადგენლობითი ორგანოების არარსებობა და სოციალური გარიყულობა უკვე ოც წელიწადზე მეტია, რაც დევნილთა ყოფის ძირითადი მახასიათებლებია. არ არსებობს ერთიანი ხმა, რომელიც დევნილთა თემებში არსებულ საკითხებსა და პრობლემებს საჯაროდ გაახმოვანებდა. დევნილების მოთხოვნები არა უშუალოდ მათ მიერ, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გავლით ვრცელდება. ეს გარემოება  მათ იძულებულს ხდის,  შეეგუონ საზოგადოებაში დამკვიდრებულ, ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ, სტერეოტიპებს, რომლებიც მათი „სტიგმატიზაციის“ ერთ-ერთ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ.

მეხსიერების კვლევის კავკასიური ცენტრის მიერ ნორვეგიის საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის დაფინანსებით ჩატარებული კვლევა სწორედ დევნილთა ყოფის სიმბოლური მხარის შესწავლას ისახავს მიზნად. კვლევის შედეგებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შემუშავებული რეკომენდაციები დაეფუძნა. აღსანიშნავია, რომ სხვა მოწყვლად ჯგუფებთან შედარებით, დევნილებზე არ მიმდინარეობს პირდაპირი ან სტრუქტურული ძალადობა, მაგრამ მათი გარიყულობის მიზეზი უფრო ღრმა კულტურულ შრეებში უნდა ვეძებოთ. რეკომენდაციები სიმბოლურ დონეზე გამოვლენილ ისეთ პრობლემათა გადაჭრას გულისხმობს, როგორიცაა სტიგმა, იზოლაცია და თანაგრძნობის ნაკლებობა. კვლევის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორები ყველაზე მეტად აფერხებენ დევნილთა ინტეგრაციას.

სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დიდი ხანია უკვე დეკლარირებულია დევნილთა სოციალური ინტეგრაციის აუცილებლობა საზოგადოებაში. თუმცა, მათ რეალურ მიდგომებში  ხაზი ძირითადად მატერიალური უზრუნველყოფის (განსახლება, ჯანდაცვა, ფულადი შემწეობა და ა.შ.)  პრობლემებს ესმება  და იგნორირებულია ან, ყოველ შემთხვევაში, უკანა პლანზეა გადაწეული დევნილების შესახებ გავრცელებული ნეგატიური სტერეოტიპები. ცხადია, მატერიალური უზრუნველყოფა დევნილთა კეთილდღეობისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია. თუმცა ჩვენი კვლევა სწორედ ქვეყნის იმ მდგომარეობას ითვალისწინებს, რომლის პირობებშიც ეკონომიკისა თუ სამუშაო ადგილების ზრდა სასურველი სისწრაფით არ მიმდინარეობს.  შედეგად, ვერც დევნილთა მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება ხერხდება და ვერც მათი სოციალური ინტეგრაციის კუთხით შეინიშნება ხელშესახები პროგრესი.

რა გასაკვირია, რომ სიღარიბე, უძლურება და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფნის სტერეოტიპული სურათი დევნილთა თვითიდენტობის ნაწილი გახდა, რადგან ის, თუ როგორ აღგიქვამენ, მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე, თუ თავად როგორ აღიქვამ საკუთარ თავსაც. დევნილთა თვითაღქმა და რეპრეზენტაცია მხოლოდ მუდმივი უუნარობის ნარატივში გახდა შესაძლებელი, რაც ზღუდავს მათი აქტივობისა და ინიციატივის გამოვლენის შესაძლებლობებს. ისინი მუდამ მატერიალური დახმარების მოლოდინში არიან. არ არსებობს წარმატებული დევნილის იმიჯი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა დევნილმა აჩვენა  მიღწევის მაგალითი ბიზნესის, საჯარო და სამთავრობო სექტორების სფეროში.

სტიგმა და თანაგრძნობის ნაკლებობა

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ დევნილთა ისტორიას კერძო პირებისგან გამოვლენილი თანადგომისა და თანაგრძნობის არაერთი შემთხვევა ახსოვს, საველე სამუშაოების ფარგლებში ჩატარებულ სიღრმისეულ ინტერვიუებში გამოვლინდა ტერმინ „დევნილ/ლტოლვილის“ ნეგატიური გამოყენების ფაქტები. რესპონდენტები თავდაპირველად თავს არიდებდნენ ამ საკითხზე პირდაპირ საუბარს და ცდილობდნენ გაწონასწორებულად და თავშეკავებულად ეპასუხათ, მაგრამ დამატებითი კითხვების დასმის შემდეგ მათმა უმრავლესობამ გვიამბო იმ ინციდენტების ან გავრცელებული შეხედულებების შესახებ, სადაც დევნილები შეურაცხმყოფელად და დამამცირებლად არიან მოხსენიებული:

„ტალახზე გვინდოდა დასახლება, მაგრამ ადგილობრივები ამის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ. ამტკიცებდნენ, რომ ეს მიწა ჩვენი მამა-პაპისეული საძოვრებიაო, არადა, საქონელიც კი არა ჰყავდათ!“ (58 წლის ქალბატონი ანაკლიის დევნილთა დასახლებიდან).

„ეს ჩამოთრეულები“, „არაკაცები“; „ესენი კარგები რომ ყოფილიყვნენ, იქიდან კი არ გამოყრიდნენ“ და ა.შ. ყოველდღიურად გვესმოდა ჩვენ და, სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეეგუა ზოგიერთი, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არაფერი დაგვიშავებია“ (62 წლის ქალბატონი ზუგდიდიდან).

დევნილობის არსებული ნეგატიური იმიჯი შეუძლებელს ხდის მათ ღირსეულ ცხოვრებას. როგორც ზოგიერთმა დევნილმა აღნიშნა, ისინი ხშირად შეურაცხყოფას იტანენ მათივე ქონების გამო, თითქოს არ აქვთ უფლება იყონ წარმატებული და ფლობდნენ კერძო საკუთრებას:

„ერთხელ გამვლელებისგან მოვისმინე: ესენი არიან დევნილები თუ ჩვენ ვართ დევნილებიო. ეზოში რომ მანქანა მიყენია და ოჯახისათვის საკმარისი შემოსავალი მაქვს, იმას ნიშნავს, რომ დევნილი არ ვარ? თითქოს არაფრის უფლება არ მაქვს და ღარიბი უნდა ვიყო. უპატივცემულო დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მიმართ“(45 წლის მამაკაცი წეროვნის დასახლებიდან).

„სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და ორი ქალის საუბარი მოვისმინე – შეხედე ამ მათხოვარ დევნილებს, ადრე პური ენატრებოდათ, ახლა კიდევ ყველა მანქანით დადის, მაგათ გამოა ამხელა საცობებიო“ (55 წლის ქალბატონი გორის კოლექტიური დასახლებიდან).

თანაგრძნობის ნაკლებობის ინდიკატორად შეგვიძლია ასევე მივიჩნიოთ შემდეგი ფაქტობრივი გამოვლინებები:

  1. დევნილთა დიდი ნაწილი ავლენს სურვილს, მათი მწარე გამოცდილება აისახოს კინოფირზე, რაც არადევნილ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გაიაზრონ დევნილთა ტანჯვით გამოვლილი გზა და მეტი თანაგრძნობა გამოიჩინონ მათ მიმართ.
  2. გამოკითხულთა უმრავლესობას კვლავ კომპაქტურ დასახლებებში სურს ცხოვრება, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანები თუ გაუგებენ მათ: „როდესაც აფხაზეთის ამბებს ვყვები, დანარჩენებს ეს სიზმარი ჰქონიათ... არ ესმით, რაზე ვლაპარაკობ“ (66 წლის მამაკაცი ანაკლიის დასახლებიდან).
  3. დევნილი ახალგაზრდები არ ამხელენ თანატოლ სტუდენტებთან თავიანთ სტატუსს. ხოლო სკოლაში არსებული ჩაგვრა (ბულინგი) სკოლის შეცვლის მიზეზიც კი გამხდარა.
  4. ხშირია „არასტუმართმოყვარე“ დამოკიდებულება არადევნილი მეზობლების მიმართ იმ დასახლებებში, სადაც დევილებს მიწა და სახლი კერძო საკუთრებაში გადაეცათ. მაგალითად, არის ცალკეული შემთხვევები, როცა დევნილები ეწინააღმდეგებიან მეზობელი არადევნილი ბავშვების თამაშს „მათ“ სტადიონზე, ან არადევნილების მიერ „მათ“ ეზოში მანქანის გაჩერებას.

სამწუხაროდ, მედია მხოლოდ ხელს უწყობს დევნილთა ნეგატიური სტერეოტიპების შენარჩუნებას და გავრცელებას. აბსოლუტურად ყველა დევნილმა რესპონდენტმა, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მედია დაახასიათეს, როგორც შერჩევითი და მანიპულაციური ინსტრუმენტი. ყველაზე მეტი კრიტიკა მიმართულია იმ ფაქტის წინააღმდეგ, რომ მედია დევნილთა შესახებ ინფორმაციას მხოლოდ უკიდურესი მატერიალური გაჭირვების კუთხით წარმოაჩენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკანონო შესახლებების თაობაზე დევნილთა და სამართალდამცავთა დაპირისპირების ინციდენტებს, ან კიდევ დევნილებისთვის გადასაცემად განკუთვნილ ახალ შენობებს. თუ დევნილებს საეთერო დრო ეთმობათ, ეს ძირითადად ეპიზოდური ხასიათისაა და თემატიკა მხოლოდ მათი პრობლემატიკით შემოიფარგლება. დევნილებს არასოდეს ეძლევათ სიტყვა სხვა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობისათვის. ეს ყველაფერი აძლიერებს გავრცელებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს, რაც ასევე უარყოფითად აისახება დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულებაზე.

არსებული სტრატეგიის კრიტიკა

დევნილთა პრობლემების გადაჭრის წლების მანძილზე აპრობირებული სტრატეგია მკაფიო მანიფესტაციაა იმისა, თუ როგორ ებრძოდნენ და ებრძვიან ძველ პრობლემებს ძველივე მეთოდებით.  მიდგომას, რომელშიც ყურადღება დევნილთათვის მინიმალური მატერიალური პირობების (ე.წ. სასტარტო პირობების) შექმნაზე მახვილდება, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული შინაარსი აქვს და ეჭვგარეშეა, რომ დევნილთა მატერიალური მდგომარეობა მუდმივ საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს; მაგრამ, ამ სტრატეგიამ წლების განმავლობაში თავისი ძირითადი ამოცანების განხორციელებაც კი ვერ შეძლო.

აღნიშნული სტრატეგია გულისხმობს, რომ მატერიალურ კეთილდღეობას მოჰყვება ინტეგრაცია. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ინტეგრაციას მოჰყვება მატერიალური კეთილდღეობა. ინტეგრაცია განხილულ უნდა იქნას არა როგორც საბოლოო მიზანი, არამედ როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ჯგუფს სხვა სოციალური მიზნების, მათ შორის –ეკონომიკური დამოუკიდებლობის, მიღწევაში.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ჩვეულ მატერიალურ დახმარებაზე ორიენტირებული სტრატეგიის შესუსტებას განაპირობებს, დონორების მხრიდან დაფინანსების შემცირებაა. ბოლო დრომდე, ყველაზე მსხვილ დონორებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენდნენ, რომლებმაც ქართველი დევნილებისთვის  განსახლების მრავალი პროგრამა დააფინანსეს, მაგრამ უცხოური დაფინანსება თანდათანობით იწურება, რისი ძირითადი მიზეზიც საკითხის ხანდაზმულობაა. გარდა ამისა, დღეს თავად ევროპა დგას ლტოლვილთა დიდი ნაკადის პრობლემის წინაშე, რაც მატერიალური და ინტელექტუალური რესურსების ამ მიმართულებით გადანაწილებას  მოითხოვს.

რეკომენდაციები

დევნილების რეპრეზენტაცია უნდა ხდებოდეს „დაკარგული სამშობლოს“ ტრავმული გამოცდილებისა და მუდმივი გლოვის  ნარატივის მიღმა. უნდა მოხდეს მათი ჩართვა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში, რომელიც არ იქნება მხოლოდ კონფლიქტებისა და ტერიტორიული მთლიანობის თემატიკით შემოფარგლული. დევნილთა სამოქალაქო აქტიურობის წარმატებული შემთხვევები პოზიტიურ ნიადაგს შექმნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი კიდევ უფრო ფართოდ ჩართვის თვალსაზრისით.

ასევე უნდა გაუმჯობესდეს დევნილებსა და სამთავრობო უწყებებს შორის კომუნიკაცია. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, მიმართული უნდა იყოს დევნილ საზოგადოებაში ღირსებისა და თავდაჯერებულობის განცდის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში გავრცელებული ნეგატიური სტერეოტიპების  დაძლევისაკენ. შედეგად,  დევნილები აღარ იქნებიან ასოცირებულები კონფლიქტებთან, მუდმივ გლოვასა და სიღარიბესთან. გარდა ამისა, აქცენტი უნდა გაკეთდეს შემთხვევებზე, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწევია დევნილებისათვის.

პრაქტიკული ნაბიჯები

ა) უნდა დაარსდეს თემის წარმომადგენლის (მამასახლისის) ინსტიტუტი, როგორც ოფიციალური, ანაზღაურებადი თანამდებობა თემის წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა ჩამონათვალითა და სამოქმედო გეგმით. თემის წარმომადგენელი არჩევითი თანამდებობა უნდა იყოს, რომელშიც მონაწილეობას თავად თემი მიიღებს დემოკრატიული პროცედურების დაცვით.

ბ) საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა გამოყოს საეთერო დრო დევნილთა თემაზე მომზადებული გადაცემებისათვის. სხვადასხვა მედიასაშუალების დახმარებით უნდა შეიქმნას წარმატებული დევნილის იმიჯი, რომელიც დაუპირისპირდება დევნილთა მეორეხარისხოვან, მოწყალების ამარა დარჩენილ მოქალაქეთა სტერეოტიპს და შექმნის აქტივობისა და ინიციატივის გამოჩენის მოტივაციას.

გ) საგანმანათლებლო ინსტიტუციებმა დრო და სივრცე უნდა დაუთმონ პროგრამებსა და აქტივობებს (ლექციები, ფილმების ჩვენება, ვიზიტები კოლექტიურ ცენტრებში, კონფერენციები და ა.შ.), რომელთა ძირითადი ამოცანაც ქართულ საზოგადოებაში დევნილთა მარგინალიზაციის ღია თუ დაფარული მიზეზების ძიება იქნება. გარდა ამისა, საგანმანათლებლო აქტივობები შექმნის კონფლიქტებისა და მათთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ნეიტრალური და დაბალანსებული ცოდნის ბაზას.

დ) ყურადღება უნდა დაეთმოს არა მხოლოდ დევნილების, არამედ აფხაზებისა და ოსების გარშემო არსებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს. კერძოდ, მედია, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას უნდა ამახვილებდნენ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების პოზიტიურ მაგალითებზე, რისი ადრესატიც უნდა იყოს როგორც დევნილი, ასევე არადევნილი მოსახლეობა. აქცენტი უნდა გაკეთდეს  ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის არსებულ მსგავსებებზე, რომლებიც ამ საზოგადოებებს აერთიანებს, და არა – განსხვავებზე.

ინტეგრაცია არა უბრალოდ რთული პროცესი, არამედ ძნელად განსამარტი ცნებაცაა. დევნილობისა თუ ლტოლვილობის რამდენი შემთხვევაც არსებობს, ინტეგრაციაც იმდენ შინაარსს იძენს, მაგრამ საკითხი, რომელზეც ყველა მკვლევარი თანხმდება, ისაა, რომ იგი ორმხრივი პროცესია – არა მხოლოდ დევნილი უნდა შეეგუოს ახალ საცხოვრებელ გარემოს, არამედ დამხვდურიც უნდა შეეგუოს და შეურიგდეს მეზობლების გაჩენა-დამკვიდრებას. ჩვენი რეკომენდაციებიდან მხოლოდ პირველი ეხება უშუალოდ დევნილებს, დანარჩენი სამი კი ეხება როგორც დევნილებს, ასევე მთელ საზოგადოებას. მიგვაჩნია, რომ დევნილთა გამოსვლა მუდმივი უძლურების ნარატივიდან მათ აქტიურობისა და თვითდახმარების უნარებს გაზრდის, ხოლო გარშემომყოფი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ხელისშემშლელ ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს შეამცირებს.

ავტორი: კონსტანტინე ლადარია, ელენე კეკელია, მალხაზ თორია, ნინო ფირცხალავა

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები