თსუ16

აუდიტორია 115: მე-6 კორპუსს პრემიერის ოფიციალური განცხადების შემდეგ დავტოვებთ

ნათია ქარჩილაძე / ნათია ქარჩილაძე

აუდიტორია 115 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსს მას შემდეგ დატოვებს, რაც პრემიერმინისტრი დღევანდელ შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

შეხვედრაზე დაყენებული მოთხოვნების შესახებ მოძრაობის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

„სტუდენტებმა დავაყენეთ ჩვენი ძირითადი მოთხოვნები:
1. განათლების ძირეული რეფორმის საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების გაზრდას და სხვა საკითხებს.
2. თვითმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევას.
3. ოდეერების გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას.
4. აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის დემოკრატიზაციას საკანონმდებლო დონეზე.
პრემიერ მინისტრი ჩვენს ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა აუდიტორია #115-თან თანამშრომლობაზე. დაიდო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს აღნიშნულ საკითხებზე. პრემიერ მინისტრის მხრიდან იყო შემოთავაზება კონსტიტუციაში განსაზღვრულიყო მინიმალური ზღვარის შესახებ,რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამოიყოფა განათლებისა და მეცნიერებისთვის.
საერთო გადაწყვეტილებით აუდიტორია #115 მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“ - აცხადებენ აუდიტორია 115-ის წევრები.

პრემიერმინისტრსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სტუდენტებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა და მათთან გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწია. გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, „სტუდენტური თვითმმართვლობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს“.

კომენტარები