ქონებრივი დეკლარაცია

კომპანია, რომელიც კახა კალაძეს ქონებრივი დეკლარაციიდან "გამორჩა"

ტაბულა

საქართველოს ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა კომპანია შპს მაქს-ბეთი, რომლის 100%-იან წილსაც ფლობს, ამის შესახებ რუსთავი 2-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი. მეწარმეთა ეროვნული რეესტრის მონაცემებით, კომპანია მაქს-ბეთი 2006 წელს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს ვიცეპრემიერი ფლობს, თუმცა კალაძემ ის არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. კომპანია მაქს-ბეთი მევალეთა რეესტრშიც ირიცხება, რადგანაც მას ბიუჯეტის წინაშეც აქვს დავალიანება.

რუსთავი 2-თან საუბარში კახა კალაძემ ამ კომპანიის არსებობის შესახებ ვერ გაიხსენა და მის შესახებ ინფორმაციის მოძიება საკუთარ იურისტებს დაავალა. დოკუმენტის მიხედვით მაქს-ბეთი 2006 წელს კახა კალაძემ, ანდრო ბარათაშვილმა. მერაბ უნგიაძემ, ალექსანდრე გილიგაშვილმა და ალბერტ კაპანაძემ დააფუძნეს. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი მაშინ ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან კახა კალაძის წილი $125 ათასი იყო. 

საქმიანობის ძირითად სფეროდ საზღვაო ტრანსპორტის საწვავის იმპორტი განისაზღვრა. კახა კალაძე იურისტების მიერ მოწოდებული საბუთების გაცნობის შემდეგ რუსთავი 2-ს ხელახლა შეხვდა, თუმცა განაცხადა, რომ მას კომპანიის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ახსოვდა. მინისტრმა თქვა, რომ მაქს-ბეთი მეგობრებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით დააფუძნა. მოგვიანებით დააზუსტა, რომ მეგობრები და დამფუძნებლები ერთი და იგივე პიროვნებები არ იყვნენ.

მაქ-ბეთის ბალანსზე ტანკერიც ირიცხებოდა, ის კომპანიისთვს 2006 წელს კახა კალაძემ 2006 წელს $120 ათასად შეიძინა და მას $1 დოლარად გადასცა, კომპანია საქართველოში წლების მანძილზე ნავთობის იმპორტს ახდენდა. კომპანიის კიდევ ერთი მეწილე მერაბ უნგიაძე მისი სხვა კომპანიის მეტალიკას მიერ ნავთობის კონტრაბანდული იმპორტისთვის 2010 წელს დააკავეს, მაშინ გამოძიება უნგიაძეს სახელმწიფოსთვის 31 მილიონი ლარის არადეკლარირებული ნავთობის იმპორტში ადანაშაულებდა. უნგიაძე 1.5 მილიონი ლარის გადახდის შედეგად საპროცესო გარიგებით გაანთავისუფლეს. კახა კალაძე კომპანიის ყოფილ მეწილეებსა და დირექტორებთან ურთიერთობას ვერ იხსენებს. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355 მუხლის მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსება და ინფორმაციის დამალვა, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები