ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროკომისარი: სამართალდამცველებისა და სასამართლოს მუშაობაში არ უნდა ჩაერიონ

assembly.coe.int

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, რომელზეც ევროპარლამენტარებს სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი მიმართავს. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი 2015 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელშიც, მათ შორის, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ევროკომისარი საქართველოს 9-13 ნოემბერს სტუმრობდა.

კომისარმა შეშფოთება გამოთქვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ზომების მიღების გამო. მისი თქმით, სამართალდამცველი ორგანოები და სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყვნენ პოლიტიკური ჩარევისგან და მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის მოტივით უნდა ხელმძღვანელობდნენ.

კომისარი ხაზს უსვამს, რომ პროკურორების მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გასაზრდელად სათანადო ძალისხმევაა საჭირო და ასევე გამოძიების ეფექტურად წარმართვისთვის საჭიროა პროკურორების კომპეტენციის ზრდა.

ნილს მუიჟნიეკსი ანგარიშში რუსთავი 2-ის საქმეზეც საუბრობს.

"მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის არსებობა მათი სამუდამო ვადით არჩევამდე, კვლავ კითხვებს ბადებს მათ შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად განიხილონ საქმეები, ვინაიდან ამან უფრო მეტად დააყენა მოსამართლეები ზეწოლის რისკის წინაშე. კომისარი ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ საქმეებზე მოსამართლეების მუშაობაში ჩარევასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და პირველი ინსტანციის მოსამართლესთან მიმართებით, რუსთავი 2-ის მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებით", - წერია დოკუმენტში.

ევროკომისარმა მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებით რამდენიმე შენიშვნაც გამოთქვა.

"კომისარი მიესალმება პოზიტიურ ტენდენციასა და მიღწევებს მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების ჩათვლით. თუმცა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მუშაობის კუთხით ევროკომისარმა რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დარწმუნდნენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა, დანიშვნა და გადაადგილება უნდა იყოს გამჭვირვალე, დამსახურების მიხედვით და ამისთვის უნდა არსებობდეს მკაფიო კრიტერიუმები, რათა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული და მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობა არსებობდეს. სასამართლო სისტემაში მოსამართლეებისთვის საქმეების შემთხვევითი განაწილება მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას გააუმჯობესებს", - წერია ანგარიშში.

ევროკომისარმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები ეფექტურად გამოიძიონ.

ნილს მუიჟნიეკსმა ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური იმპლემენტაციისკენაც მოუწოდა.

კომენტარები