საკონსტიტუციო სასამართლო

საია: ნორმა არ განმარტავს, რა არის „ცხოვრების ღირსეული პირობების" შექმნა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა გამოიყენონ. საიას დაუშვებლად მიაჩნია, რომ თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება ჯერ სახელმწიფოს გადაეცეს უსასყიდლოდ, ხოლო შემდგეგ - მოსამართლეს სიმბოლურ ფასად. საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, მოსამართლეთათვის უძრავი ქონების - საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, დროულად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები.

"რეგულაციები დაფუძნებული უნდა იყოს მოსამართლეთათვის, მოსამართლეობის ვადით, საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემაზე და არა სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემაზე. აღნიშნული რეგულაციების მიღებამდე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს პრაქტიკა, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება" - აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ ქონების გადამცემი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით საქართველოს მთავრობაა, ხოლო მიმღები/მესაკუთრე - სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი.

"მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციების არ არსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის, უძრავი ქონების - საცხოვრებელი ფართის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში გადაცემის ფაქტმა (ფაქტებმა) შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ისევე, როგორც საზოგადოების მათდამი ნდობაზე და ჩრდილი მიაყენოს ინდივიდუალური მოსამართლეების, ასევე სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლზე საზოგადოების თვალში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს შემთხვევა ხელისუფლების მიერ, სხვადასხვა პირებისათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რასაც გასულ წლებში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში და რაც წლების განმავლობაში საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, მოსამართლეებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხს დაარეგულირებდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად: სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები. თუმცა, კანონის ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და ნორმა არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა მოიაზრება „ცხოვრების ღირსეული პირობების" შექმნაში, ხოლო ამ ჩანაწერის აღსრულების პრაქტიკა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მანკიერი ფორმით ვითარდება" - აცხადებს საია.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე, 125კვ.მ ფართის ბინას გადასცემენ. ბინა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ბათუმის თვითმმართველობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელიც შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს სიმბოლურ ფასად გადაეცემა საკუთრებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩევლის გიორგი დავითურის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური გარანტიები. მისივე განმარტებით, ბინების საკუთრებაში გადაცემა „დამკვიდრებული პრაქტიკაა". გიორგი დავითური ამბობს, რომ მოსამართლის ხელფასით უზრუნველყოფა მოწესრიგებულია სხვა კანონით, ხოლო ცხოვრებისა და ღირსეული პირობების შექმნა - სხვა კანონით.

კომენტარები